დიდი ადამიანები საქართველოში: ვლადიმირ ვისოცკი

© Sputnikვლადიმირ ვისოცკი
ვლადიმირ ვისოცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბესიკ ფიფია

ვლადიმირ ვისოცკი საქართველოში ბოლოს 1979 წელს იმყოფებოდა. იმ წლის სექტემბერ–ოქტომბერში „ტაგანკას“ თბილისში გასტროლები ჰქონდა, სპექტაკლი „ჟანრის ძიებაში“ ჰქონდა ჩამოტანილი. ვისოცკი სცენაზე ვალერი ზოლოტუხინთან, ლევ ფილატოვთან და დმიტრი მეჟევიჩთან ერთად გამოდიოდა.

ვისოცკის საქართველო, როგორც იტყვიან,  ერთი ნახვით შეუყვარდა. მასთან ერთად თბილისში გასტროლებზე ჩამოსული — ეს 1966 წელს იყო — მეორე ცოლი ლიუდმილა აბრამოვა საკუთარ წიგნში „მისი ბიოგრაფიის ფაქტები“ იხსენებს: 

„რაღაც თვალსაზრისით თბილისი — ეს აღმოჩენა იყო. ჩვენ მივხვდით, რომ ეს უმაღლესი კულტურის ქალაქი გახლდათ. არ მოვერიდები ვთქვა, რომ ვალოდია იქ ბედნიერი იყო… ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით თბილისის გარეთ. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ თბილისი და ქართული კულტურა. ჩვენდა სამარცხვინოდ, ვფიქრობდით, რომ ქართველებს თუ ვინმე საუკეთესო ჰყავდათ, ყველა მოსკოვის ინსტიტუტებში სწავლობდა“. 

საქართველოში ამ მოგზაურობისას ვისოცკის სიცოცხლე ლამის შეწყდა. „ტაგანკის“ მთავარ რეჟისორს, იური ლუბიმოვს თბილისში მეგობრები ჰყავდა. ერთხელ ის და თეატრის რამდენიმე მსახიობისგან შემდგარი კომპანია მათ აგარაკზე ესტუმრნენ. მათ შორის იყვნენ ვლადიმირ ვისოცკი და მისი სიყრმის მეგობარი გიორგი ეპიფანცევი.    

ნიკოლოზ I - Sputnik საქართველო
დიდი ადამიანები საქართველოში: იმპერატორი ნიკოლოზ Ι

მტკვრის ნაპირას ნამდვილი ქართული ნადიმი გაიმართა, რომელიც ვისოცკის ნაკლებად აინტერესებდა — იმ პერიოდში სპირტიან სასმელებს არ სვამდა. როდესაც მაგიდასთან ჯდომა და მოქეიფეთა ცქერა მობეზრდა, მდინარეზე ჩავიდა, გაიხადა და მტკვარში შეცურა. მტკვარი ძალიან სწრაფი მდინარეა, წყალი კი ყინულივით ცივი იყო და ვისოცკიმ, რომელიც ჩინებული მოცურავე გახლდათ, ვერ გათვალა საკუთარი ძალები — ფეხებში კრუნჩხვები დაეწყო. ეპიფანცევს გულმა ცუდი უგრძნო და წყალში გადახტა. ის სწორედ იმ მომენტში დაეწია ვისოცკის, როდესაც მას უკანასკნელი ძალები ტოვებდა და არაქათგამოცლილი მეგობარი ნაპირზე გამოათრია. 

თბილისიდან „ტაგანკა“ სოხუმში გაემგზავრა. გასტროლების მეორე ნახევარი მსახიობებისთვის წარმოდგენლად რთული აღმოჩნდა. ლიუდმილა აბრამოვას თქმით, „სოხუმური გასტროლები — ეს მთელი დასის დაღლილობა და უსაძაგლეს გუნებაზე ყოფნა იყო“.  და ამ მოგზაურობიდან არაფერი დარჩებოდათ გასახსენებელი, რომ არა ერთი: ვისოცკიმ სწორედ მაშინ დაწერა ახლა ყველასათვის ცნობილი სიმღერა "და ბუზღუნებდა ხალხი უწყვეტად…"

ლიუდმილა აბრამოვა იხსენებს, რომ სოხუმის რესტორანში მოხვედრა შეუძლებელი გახდა. სუფრები გაშლილი იყო, მაგრამ შიგნით არავის უშვებდნენ — რაღაც დელეგაციას ელოდებოდნენ. რა თქმა უნდა, მსგავსი რამ მოსკოვშიც ხშირად ხდებოდა და ეს უჩვეულო არ იყო რუსი მსახიობებისთვის. მაგრამ მთელი საქმე ის გახლდათ, რომ სოხუმი ამ თვალსაზრისით მკვეთრად განსხვავდებოდა თბილისისგან, სადაც ყველას უხაროდა მსახიობების დაპატიჟება და მაძღრისად დაპურება. სწორედ მაშინ დაიბადა სტრიქონები: 

"და ბუზღუნებდა ხალხი უწყვეტად,

უსამართლობას იგი ვერ იტანს,

რიგში ვიყავით ჩვენ პირველები,

ვინც უკან იყო — თავს უკრავს მიმტანს…"

ვისოცკი ბევრჯერ გამოსულა კონცერტებით სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, სადაც ის ისვენებდა ხოლმე და სადაც დაწერა კიდეც სიმღერა "ქარიშხალია მთელი საღამო".

1966 წლის შემოდგომაზე ვისოცკი კვლავ საქართველოშია: სვანეთში „ვერტიკალის“ რამდენიმე ეპიზოდს იღებდნენ. იმ დღეებს ფილმის ერთ–ერთი მონაწილე, მსახიობი ლარისა ლუჟინა იხსენებს.  

ალექსანდრე დიუმა - Sputnik საქართველო
ალექსანდრე დიუმა: ქართველები უნაკლო ხალხია ყველა საუკეთესო თვისებით

„ჩვენთვის მთელი პერიოდი საინტერესო იყო. ეს უღელტეხილები, სვანეთის პატარა ქალაქი მესტია. უმშვენიერესი დრო იყო! მახსოვს, რომ ტურისტული ბაზის გარდა, სხვაგან ცხოვრება შუძლებელი იყო. ყველანი ერთ ოთახში მოგვათავსეს. ყველანი ერთ ტურბაზაში ვცხოვრობდით, სადაც საშინლად ბევრი თაგვი იყო. ერთ ოთახში გვეძინა, ხოლო ვალოდიას მუდმივად თან ჰქონდა თავისი გიტარა. ღამით მელოდიური ჟღარუნი შემომესმა. ვიფიქრე, ვალოდიამ გაიღვიძა და უკრავს–მეთქი. თურმე, თაგვები დარბოდნენ გიტარის სიმებზე… სვანეთში ქეიფის კადრები გადავირეთ. ვალოდია სწორედ მაშინ დაუმეგობრდა ბუხუტი ზაქარიაძეს, ამ სურათის გადაღებებზე“. 

სვანეთში ვისოცკიმ გაიცნო ცნობილი ალპინისტები და დაუმეგობრდა კიდეც „კლდის ვეფხვებად“ წოდებულ იოსებ კახიანსა და მიხეილ ხერგიანს. ამ უკანასკნელს სიმღერაც კი მიუძღვნა, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: 

"მიდიხარ მყინვარის ნაპრალზე,

მწვერვალი გიკრავს თვალს,

მთებს სძინავთ- ღრუბლებს ჩაისუნთქავენ,

ამოსუნთქვა კი — წარმოქმნის ზვავს…"

ვლადიმირ ვისოცკი საქართველოში კიდევ ერთხელ 1968 წელს ჩამოვიდა, ამჯერად გემით. მას ძალიან უყვარდა საზღვაო კრუიზები და უმოგზაურია კიდეც ისეთი თბომავლებით, როგორებიც იყო: „აჭარა“, „შოთა რუსთაველი“ და „საქართველო“. ეს ხომალდები ოდესასა და ბათუმს შორის მიმოდიოდა სოხუმში შევლით. „შოთა რუსთაველის“ კაპიტანი ალექსანდრ ნაზარენკო იხსენებს, რომ ვისოცკი ყოველ წელს დაცურავდა გემით, მხოლოდ ერთი წელი გამოტოვა — სიკვდილისწინა წელი. 

მარგარეტ ტეტჩერი - Sputnik საქართველო
"დიდი ადამიანები საქართველოში": მარგარეტ ტეტჩერი

ვლადიმირ ვისოცკი საქართველოს ამის შემდეგ 1970 წელს, აგვისტოს ბოლოს ესტუმრა. ყოფილმა სამთო მოთხილამურე ა. სმირნოვმა, რომელიც ვისოცკის იალბუზის ალპინისტურ ბანაკებში შეხვედრია, პოეტის შემოქმედების მკვლევარ იგორ როგოვოის უამბო:  „ჩვენს შეკრებებზე იყვნენ ბიჭები ბაკურიანიდან. გვარები არ ვიცი, სახელებად კი ჯემალი და გურამი ერქვათ… შეკრებების დასასრულისკენ კარგად წავუქეიფეთ. დილით გავიღვიძე და დავინახე, რომ ვისოცკი დაძრულ მანქანაში იჯდა. მგონი, იმ ბიჭებმა წაიყვანეს საქართველოში“. 

1970 წლის დეკემბერში ვლადიმირ ვისოცკიმ მარინა ვლადიზე იქორწინა. მათ ქორწილს ზურაბ წერეთელიც ესწრებოდა, რომელიც იხსენებს:

„თავიდან ვალოდიამ მოსკოვში მოინდომა დროსტარება, მაგრამ ფული არავის ჰქონდა — ღარიბები ვიყავით. მარინას ერთი ოთახი ჰქონდა დაქირავებული კოტელნიჩესკაიას სანაპიროზე მდებარე სახლში. სწორედ იქ დაგვპატიჟეს საშა მიტი ცოლთან ერთად, ზოია ბოგუსლავსკაია, ანდრეი ვოზნესენსკი, იური ლიუბიმოვი და მე. რამდენიმე ბოთლი შამპანური კი ვიყიდეთ, მაგრამ განწყობაზე არცერთი ვიყავით. ვალოდია დივანზე იწვა და გიტარას აჟღარუნებდა. მე კიდევ — ასეთი ხასიათი მაქვს — მეგონა, ჩემი ბრალია, ზეიმი რომ არ გამოვიდა-მეთქი. ჰოდა, ვთქვი: „წავედით თბილისში. დროს იქ გავატარებთ!“ 

„ძველ თბილისში დაქორწინებას ვზეიმობთ, რომელიც მოსკოვში ნახევარ საათში დასრულდა, — წერს მარინა ვლადი თავის წიგნში „ვლადიმირი, ანუ შეწყვეტილი გაფრენა“. — აქ ჩვენ ნამდვილ ძველებურ ქორწილს გვიწყობენ. შავებში გამოწყობილი ქალები დიდ დარბაზში ფუსფუსებენ. ქართული სამზარეულოს დახვეწილი კერძები მაგიდებზე ვერცხლის ლანგრებით ალაგია. აქვეა თაიგულებად შეკრული სურნელოვანი მწვანილები, ნივრის მწნილი, ლობიო, საცივი, ეზოში კი მწვადი შიშხინებს — ყველაფერს საოცარი სურნელი აქვს.

ჩვენ მაგიდის ბოლოში ვსხედვართ, ორივენი თეთრებში გამოწყობილები და ხელჩაკიდებულები. კომპანია მხოლოდ მამაკაცებისგან შედგება. ქალები სუფრას დასტრიალებენ თავს,  კერძებს ამატებენ და მერე იქვე ახლოს ჩერდებიან მუცელზე ხელებდაწყობილები. მათ ლამაზ, შავგვრემან სახეებს ღიმილი არბილებს. თამადა პირველ სადღეგრძელოს ამბობს: „დაე თქვენი განსასვენებლები იმ მუხის ხისგან გამოთალონ, რომელსაც ახლა, თქვენი ქორწილის დღეს ვრგავთ“.

ჯონ სტეინბეკი - Sputnik საქართველო
დიდი ადამიანები საქართველოში: ჯონ სტეინბეკი

ღვინოს ყველას ყანწებში უსხამენ. ძველებური ბროლის ჭიქები მხოლოდ წყლისთვისაა განკუთვნილი. ყანწში ლიტრის მეოთხედი ღვინო ჩადის. რადგან მისი დადგმა შეუძლებელია, სასმისებს ბოლომდე ცლიან. მეც ვემორჩილები, შენ კი ტუჩებთან ყანწი მიგაქვს იმ მოძრაობით, რომელიც ბევრჯერ განმეორდება რამდენიმე საათიანი ნადიმის განმავლობაში, მერე მას წარმოსადეგ ყმაწვილს გადასცემ, რომელიც შენ უკან დგას. ის ღვინოს სვამს და ყანწს იმ ლანგარზე დებს, რომელსაც ხანში შესული ქალბატონი უწვდის. პირველს მეორე სადღეგრძელო მოსდევს: „დაე, თქვენმა შვილთაშვილებმა, შავ ბაზარზეც კი,  ერთი ბილეთიც ვერ იშოვონ თქვენს სპექტაკლებზე დასასწრებად“.

უფრო დიდი ყანწები შემოაქვთ. ვცდილობ გამოვცალო, მაგრამ ვერ ვახერხებ და მას უკან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს ვაწვდი. სტუმრები კი ტრადიციულად ბოლომდე სვამენ და მაინც, არავინ ტოვებს სუფრას. სუფრა დიდებულია, სადღეგრძელოები კი ულევი.   

შენ ხედავ, რაოდენ ბევრი შეუძლიათ დალიონ ადამიანებმა, მაგრამ არ დაკარგონ ღირსება. ჩვენ მერე დავთვალეთ, რომ თითოეულმა სტუმარმა იმ საღამოს ათ–ათი ლიტრი ღვინო დალია. ჩვენი მფარველი ანგელოზები უკან გვიდგანან, ჩვენ მორჩენილ ღვინოს სვამენ და ამასთან, არაფერს ჭამენ, რითაც გაკვირვებასა და აღფრთოვანებას იწვევენ…“ 

ზურაბ წერეთელმა ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი გოგი ოჩიაურის სახელოსნოში წაიყვანა. მხატვარი ვაჟა ფშაველას ძეგლზე მუშაობდა. ვისოცკიმ სკულპტურას შეხედა და წარმოთქვა: 

— სწორედ ასეთი წარმომედგინა. მაგრამ ვაჟა ფშაველა — ეს ხომ მისი მშობლიური მიწის ფესვებია, მთელი მისი პოეზია გაჟღენთილია სამშობლოსადმი, ადამიანებისადმი, ბუნებისადმი, სიკეთისადმი, ვაჟკაცობისადმი სიყვარულით… და თუ არ გეწყინებათ, ბატონო გოგი, როგორც ავტორს, ვფიქრობ, რომ ის მშობლიურ მიწაზე ფეხშიშველი უნდა იდგეს, საიდანაც იწოვს კიდეც საკუთარი შემოქმედების გენიალურობას… 

— მაპატიეთ, მაგრამ, ნუთუ თქვენ ასე ღრმად იცნობთ ვაჟას შემოქმედებას?— დაინტერესდა მხატვარი. 

პასუხის ნაცვლად ვისოცკიმ ზეპირად წაიკითხა პოემა „კოპალას“ სტრიქონები:

"მთვარე არა ჩნდა ცაზედა,

ვარსკვლავნიც მიჩქმალულიყვნენ;

ნისლნი, დაღლილნი ცურვითა,

მთის ყურეთ მიმალულიყვნენ;

მთანი მაღლაით დასცქერდნენ,

ღრმა ფიქრით შაბურვილიყვნენ:

ბეჩავებს ბევრი ეტირნათ,

სრულ ცრემლად დაწურვილიყვნენ.

არაგვიც ჩუმად მასჩქეფდა,

თვით ცრემლსა ცრემლი სდიოდა,

ბუნდრად და გაურჩეველად

კლდეთა კალთაზე ხვიოდა. 

მთვარე არა ჩნდა ცაზედა,
ვარსკვლავნიც მიჩქმალულიყვნენ;
ნისლნი, დაღლილნი ცურვითა,
მთის ყურეთ მიმალულიყვნენ;
მთანი მაღლაით დასცქერდნენ,
ღრმა ფიქრით შაბურვილიყვნენ:
ბეჩავებს ბევრი ეტირნათ,
სრულ ცრემლად დაწურვილიყვნენ.
არაგვიც ჩუმად მასჩქეფდა,
თვით ცრემლსა ცრემლი სდიოდა…"
 ზურაბ წერეთელმა ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი  კიდევ ერთ მხატვარს აწვია. მოსკოველი წყვილი ლადო გუდიაშვილს ესტუმრა. „მის სახლში მოდილიანის ნახატები რომ დაინახა, მარინამ თქვა, რომ ის მამამისის მეგობარი იყო. ლადომ ჰკითხა, მამას რა ჰქვიაო? „ვლადიმირ ვასილის ძე პოლიაკოვ–ბაიდაროვი“, — უპასუხა მარინამ. ჩვენ მაგიდას მივუსხედით, ლადო კი მეორე ოთახში გავიდა, საიდანაც სურათი გამოიტანა. ფოტოზე მარინა ვლადის მამა იყო გადაღებული პარიზში, რესტორან „კუპელში“, პიკასოსთან, ლეჟესა და მოდილიანისთან ერთად. ლადო დიდხანს უამბობდა მარინას მამის შესახებ. მან პირველად მოისმინა ისეთი ეპიზოდები, რომლებზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა. ამან მას ცრემლებამდე აუჩუყა გული…“  

ბოლოს ვისოცკი საქართველოში 1979 წელს ჩამოვიდა. იმ წლის სექტემბერ–ოქტომბერში „ტაგანკას“ თბილისში გასტროლები ჰქონდა, სპექტაკლი „ჟანრის ძიებაში“ ჰქონდა ჩამოტანილი. ვისოცკი სცენაზე ვალერი ზოლოტუხინთან, ლევ ფილატოვთან და დმიტრი მეჟევიჩთან ერთად გამოდიოდა. 

სპექტაკლებში მონაწილეობის გარდა, ის სოლო კონცერტებსაც მართავდა. ერთ–ერთი მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. და როდესაც ვალოდიამ „ტელევიზორთან დიალოგის“ მღერისას ტექსტი შეცვალა და დაამღერა: 70-იან წლებში, ზინ, გაიხსენე, პასუხს ველი, აკი გყავდა შენ ქართველი…“ დარბაზი მქუხარე, ხანგრძლივმა აპლოდისმენტებმა ააფეთქა. 

ავტორი – ბესიკ ფიფია

ნაწყვეტი ნარკვევიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“

 





ყველა ახალი ამბავი
0