ბავშვობაში ჩაფიქრებული ოცნება და ,,ნანუკა-არტის” ინოვაციები

დიზაინერი ნანუკა ჩეხიძე
დიზაინერი ნანუკა ჩეხიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწორედ ესაა ბედნიერება - ადამიანებს მიანიჭო თუნდაც უმნიშვნელო სიხარული და მათი გაბრწყინებული თვალები დაინახო.

  თამარ გერლიანი

  დღეს ჩვენ სასაუბროდ ნიჭიერი ხელოვანი, დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე შევარჩიეთ. მისი ბავშვობის დროინდელი გატაცება უკვე ბრენდად იქცა, რომელსაც ჩვენში,,ნანუკა არტის“ სახელით იცნობენ. ადრეულ ასაკში დამოუკიდებლად შეისწავლა ტყავზე მუშაობის ტექნიკა და დღეს ამ ტექნიკით, თამამად შეიძლება ითქვას, საქართველოში ის ერთადერთი მუშაობს. დამკვეთები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს, მაგრამ იტალია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მისი ნამუშევრები დიდი რაოდენობით გაიყიდა. ტყავისგან ქმნის ყველაფერს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბეჭდებსა და საყურესაც კი, რასაც სხვის კოლექციაში იშვიათად წააწყდებით. მომავალში ოცნებობს საავტორო ავეჯი დაამზადოს და ესკიზებიც უკვე მზად აქვს. მისი გაფორმებული სახარება თუ ხატი არა ერთ ტაძარშია დაბრძანებული. სამომავლოდ მამაკაცებსაც უმზადებს სიურპრიზებს და მათ შორის ტყავის პორტსიგარი და ჰალსტუხიც იქნება..  

 - ქალბატონო ნანუკა, თქვენ ნათელი მაგალითი ხართ იმისა, თუ როგორ შეუძლია ნიჭიერმ ადამიანს ხელოვნების რანგში აყვანილი ხელნაკეთი ნამუშევრებისგან სახელობითი ბრენდი შექმნას —,,ნანუკა-არტი” მაქვს მხედველობაში.. გაიხსენეთ, რა იყო გზის დასაწყისში?.. 

— როცა სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი, სტანდარტული სწავლა დიდად არ მხიბლავდა, მაინც ყველაფერს ჩემებურად  ვხატავდი, რაც ჩემს მასწავლებლებს არ მოსწონდათ… მახსოვს, უფრო ხშირად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჩანახატებს ვაკეთებდი. ცხოვრებაში კი ყოველთვის მქონდა სურვილი გამორჩეული ჩაცმის სტილი მქონოდა, ჩანთებსაც ჩემი გემოვნებით  ვიკერავდი. რადგან ჩემმა ახლობლებმა იცოდნენ ჩემი საქმიანობის შესახებ, პირველი დამკვეთიც მათ მომიყვანეს. მახსოვს, მაშინ წითელი ტყავისგან შევკერე ჩანთა, რომელიც საკმაოდ კარგი გამოვიდა, მაგრამ ძალიან ვინერვიულე. სხვათა შორის, ახლაც ასე ვარ, ყოველი შეკვეთა და ნივთი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა… რაც მთავარია, პირველივე შემკვეთი ძალიან კმაყოფილი დარჩა და ამას სხვა შეკვეთებიც მოჰყვა. ყოველთის მჯეროდა, რომ ყველაფერს შევძლებდი და ეს რწმენა ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული იყო… 

 — ქალბატონო ნანუკა, ფართო საზოგადოებამ მაინც თბილისის მოდის კვირეულიდან გაგიცნოთ.

— დიახ ასეა. მეგობრის დაჟინებული თხოვნით თბილისის მოდის კვირეულზე მოვხდი. საქმე ისაა, რომ მან ორგანიზატორთან დარეკა და ჩვენი შეხვედრა შეათანხმა.  მათ ნახეს ტყავისა და ბეწვისგან დამზადებული ჩემი კოლექცია, რომელიც ძალიან მოეწონათ. აი, პირველად ასე გამიცნო ფართო საზოგადოებამ…

 - რამდენადაც ვიცი, დღეს თქვენი ბრენდი უკვე უცხოეთშიცაა ცნობილი,  რომელი ქვეყნიდან გყავთ  მეტი შემკვეთი? 

— პირველი დამკვეთები უცხოეთიდან დაახლოებით 18 წლის წინ გამოჩდნენ. ესენი იყვენ იტალიელები, რომლებმაც რამდენიმე ნივთი შეიძინეს და ჩვენ კარგა ხანს ვთანამშრომლობდით. იყვნენ დამკვეთები ამერიკიდანაც. მაგრამ ფინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ჩემი ნამუშევრები დიდი რაოდენობით გაიყიდა. ამჟამად ისინი აქტიურად იყიდება: საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, და თქვენ წარმოიდგინეთ, აფრიკაშიც კი…

 - ქალბატონო ნანუკა, თქვენ ერთნაირი გემოვნებით ამზადებთ არა მარტო სამკაულებს, არამედ ქალის გარდერობის სხვადასხვა აქსესუარებსაც. რა შეიძლება ითქვას, ადვილად თუ ამკვიდრებთ საკუთარ ხელწერას ისეთი ზედმეტად პრეტენზიული ქალბატონების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა…

— დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.. ძალიან მიყვარს ტყავზე მუშაობა და ეს ტექნიკა სრულიად დამოუკიდებლად შევისწავლე. დღეს შემიძლია, თამამად განვაცხადო, რომ იმ ტექნოლოგიით, რომლითაც მე ვმუშაობ, საქართველოში არავინ მუშაობს. ეს ჩემი შემუშავებული ტექნიკაა, საჭირო იარაღები არასოდეს მქონია. სურვილი მქონდა, რომ ტყავზე მეხატა და ბევრი ცდის შემდეგ ესეც გამომივიდა. დღეს მიმდევრებიც გამიჩნდა, მაგრამ მე მაინც ჩემი სტილი და მიმართულება მაქვს.  ყველა აღნიშნავს, რომ ის სხვებისგან გამორჩეულია…ტყავი არის მასალა, რომელიც მოდიდან არასოდეს გადავა. ვფიქრობ, ცხოვრებაში ნაბიჯ-ნაბიჯ თავდაუზოგავი შრომის ფასად შესაძლებელია,  მიიაღწიო იმ მიზნამდე, რომელიც ბავშვობაში დაისახე…

 - ალბათ გამოფენები, რომლებსაც აწყობთ ხოლმე, ორიენტაციაში გეხმარებათ, არკვევთ,  რა მოსწონთ ჩვენთან ამა თუ იმ დროს?

— დიახ, რამდენიმე პერსონალური გამოფენა  მქონდა, აქტიურად ვმონაწილეობდი მოდის კვირეულებში, ასევე  ჯგუფურ და საქველმოქმედო გამოფენებშიც… ეს არის საუკეთესო საშუალება  იმისათვის, რომ  უფრო ფართო საზოგადეობამ გაგიცნოს. რაც ერთხელ შევქმენი, იმას არ ვიმეორებ — ეს ჩემთვის საინტერესო არ არის და თანაც, ძალიან მოსაწყენია… დღეს მოწვევები მაქვს არა ერთი ქვეყნიდან,  რათა იქ გამოფენები მოვაწყო და მასტერ-კლასები ჩავატარო. ვნახოთ, ყველაფერი წინაა და   მჯერა, რომ უფრო მეტს შევძლებ… 

 - ქალბატონო ნანუკა, ვიცი, რომ ცხოვრებასაც შემოქმედებთად უდგებით,  ყოველთვის ახლის ძიებაში ხართ…

— დიახ გეთანხმებით… ვხატავ, მუსიკაც დამიწერია, თუმცა არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს, ბოლო დროს ფოტოგრაფიამაც გამიტაცა. მინდა, ჩემს ნამუშევრებთან, ნახატებთან და სხვადასხვა ნივთებთან ერთად ჩემი პერსონალური გამოფენაც მოვაწყო. რაც შეეხება სიახლეს, ტყავისგან ვქმნი ყველაფერს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბეჭდებს და საყურესაც კი, რასაც სხვის კოლექციაში იშვიათად წააწყდებით. სხვათა შორის მამაკაცები ხშირად მსაყვედურობენ იმის გამო, რომ ძირითადად, ქალებისთვის ვმუშაობ. თუმცა მაქვს რამდენიმე ნივთი, რომლებიც შემიძლია, მამაკაცებსაც შევთავაზო: ეს არის საფულე, საფერფლე, ლუდის ჭიქა, სამაჯური…   მათ ახლა ტყავის ჰალსტუხი და პორტსიგარიც დაემატა. მომავალში მინდა ტყავის ლაბადებიც დავამზადო.  იმედია, ამასაც მალე შეძლებ… ვფიქრობ, ყოველი ადამიანის ცხოვრება თავისებური შემოქმედებაა… გააჩნია, ცხოვრების პალიტრაზე ვინ რა ფერებს ირჩევს და რას ხატავს. მთავარია,სიკეთით და სიყვარულით გაიარო ცხოვრება და ეს შენს შემოქმედებაზეც აუცილებლად აისახება…  ჩემს ყოველ ნივთში ჩემი სულია… მართალია, მიჭირს მათთან განშორება, რადგან  ისინი სიყვარულითაა შექმნილი…როცა ის ჩემგან მიდის, მას ეს სიყვარულიც თან მიჰყვება და მერე ჩემსა და  მის მფლობელს შორის რაღაც უხილავი კავშირი მყარდება… სწორედ ესაა ბედნიერება  - ადამიანებს მიანიჭო თუნდაც უმნიშვნელო სიხარული და მათი გაბრწყინებული თვალები დაინახო.


 

 

 

— 

— 

 

ყველა ახალი ამბავი
0