პოლიტიკური ამნეზია და ,,ნაცების“ რეინკარნაცია?

გამოწერა
შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არა, თანდაყოლილიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამდენი უბედურებს ჩადენის შემდეგ ურცხვად რომ თქვას, ჩვენც გვიკეთებია ქვეყნისთვის რაღაცო!

 მერაბ ხაჩიძე

 „ნაცებმა“ გამოიზამთრეს: ჩირგვებსა და სოროებიდან ჯერ ცხვირი და თავი გამოჰყვეს, მერე წელშიც გაიმართნენ (ამაში ხელისუფლება და საზოგადოებაც კარგად დავეხმარეთ), მერე კი — ხმაში რიხი და ნათქვამში სითამამეც დაუბრუნდათ. ამას წინათ ვთქვი და მინდა გავიმეორო: როცა დამნაშავეს არ სჯი, როცა უტიფრობას ვერ პასუხობ და ვერ უმკლავდები, მერე მათი ყელყელაობა და მენტორის ტონი ნერვებს აღარ უნდა გიშლიდეს. თანაც როდის იყო, რომ ნაცმოძრაობის ლიდერებს უხერხულობა ეუხერხულებოდათ?… ვირტუალური წარმოდგენებით გაბრუებულებმა, ამ დღეებში მათ ისე მოუხშირეს საკუთარი „ღვაწლის“ შეხსენებას, რომ ეტყობა, თავი მართლა დააჯერეს იმაში, რომ ბევრი სიკეთე აქვთ ჩადენილი.,,ნაცები“ ათი წლის მანძილზე ჩვენს საკუთარ ფულს და ნაშრომს რომ გვამადლიდნენ, ახლაც აგრძელებენ იმ,,ძველ სიმღერას“: ჩვენს ხელისუფლებაში მისვლამდე არც შუქი იყო, არც გაზი, არც გზა და ქუჩაო!

 კარგად მახსოვს, ქალაქის მერის აჩევნების დროს მიხეილ მაჭავარიანის მიერ ტელეეკრანიდან ნათქვამი სიტყვები:,,ქალაქმა დაინახა, რა თბილისს ვტოვებთ, როგორი ქუჩებით, სახლებითა და ინფრასტრუქტურით“.

 ეს ადამიანები საკუთარ სიტყვასა და საქციელზე პასუხისმგებლები არასოდეს ყოფილან, თორემ ასე პირში ვერ მოგვახლიდნენ, ყრუ და ბრმები ხართ, რადგან იმას ვერ მიხვდით, ჩვენს დროს როგორ სამოთხეში ცხოვრობდითო. უფრო სწორად, ასეთი უსაქციელობისთვის არც ბიჭობაში და არც მერე, დიდობაში (კინაღამ წამომცდა, კაცობაში-მეთქი), არავის დაუსჯია, თორემ ეცოდინებოდათ, თვალში ნაცრის შეყრა უპატიებელი დანაშაული რომ არის. ვაჟკაცობა რომ ჰყოფნიდეთ, თბილისის აღმშენებლობაზე ლაპარაკს „ნაცებიდან“ არ დაიწყებდნენ და იტყოდნენ, რომ ქალაქზე, გზებსა და მთლიანად ინფრასტრუქტურაზე ფიქრი 1992 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა, შემდეგ კი — 1994 წლის მარტში „ნატოს“ „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამას შეუერთდა. ამ ყველაფერს კი, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივის გათვალისწინებით ის მოჰყვა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდმა საქართველოში გზებისა და ინფრასტურქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები გამოყო. მაგრამ ეს რომ აღიარონ, მაშინ ისიც უნდა თქვან, რომ იმ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე იყო და არა სააკაშვილი. სხვათაშორის, შევახსენებთ, რომ ამ პერიოდში  შემოსავლების მინისტრი მაჭავარიანი იყო.  

 გზებსა და საერთოდ, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ჩვენი მილიარდები რაში და როგორ დაიხარჯა, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და აუცილებლად სათქმელი, მაგრამ მანამდე  „ნაცებს“ გვინდა ვკითხოთ: 1921 წლამდე საქართველოში ელექტროენერგია არ ჰქონდათ „ზაჰესი“ —1927 წელს აშენდა. ტრასებზე არც ასფალტი  იყო დაგებული. ეს პროექტი 1934 წელს განხორციელდა. ამავე პერიოდში დაიწყო და აშენდა მტკვრის სანაპირო. პირველმა ელექტრომატარებელმა რუსეთის მერე საქართველოში გაიარა. პირველი ფერადი ტელევიზია რუსეთში იყო, მეორე – საქართველოში.

 რომ ჰკითხო, მილიარდები შენ სად დახარჯეო, სრული ამნეზია დაემართებათ. ამიტომ ჩვენი სია და ჩამონათვალიც ნახონ. საქართველოსა და თბილისზე დღედაღამ მოფიქრალებმა, იქნებ აგვიხსნან: სად წაიღეს, რა უქნეს, რატომ გაჩეხეს წყნეთისა და ბაგების ტყე-პარკები, რომლის განაშენიანებაც 40-იან წლებში დაიწყო და რომლის ერთ-ერთ გამშენებელს, შოთა მეფარიძეს სახლში მიუცვივდნენ და ბუნებისა და ქალაქის მტრად გამოაცხადეს. აქციებით რომ დარბოდნენ დიღმის ტყე-პარკში და მათი მოსვლის მერე იმ ტერიტორიაზე ხეებზე უფრო მეტი სახლი რომ აშენდა, რატომ არ ახსოვთ, ის ხეები როდინდელი დარგული იყო? დიახ, ხეც ირგვებოდა, შუქიც იყო და ელექტრომატარებელიც, ქართული ელმავალიც, ქართული ფოლადიც დნებოდა, ასფალტიც იყო და წყალსადენიც, არც უმუშევარი არსებობდა და არც უსახლკარო, მაგრამ რა ვქნათ? ამის გამო ძველი ბოლშევიკების სურათები დავიკიდოთ?  მართლა, რომ აშენებდნენ, ხალხმა იმათ არ აპატია უმსგავსობა და სიყალბე. „ნაცებს“ რომელი ერთი ვაპატიოთ: ერთი კვირის გახსნილ თბილისის აეროპორტში ისე რომ  წვიმდა, როგორც გარეთ?! ახალი იუსტიციის სახლში ჭერი ჩამოინგრა, ჭერი ქუთაისის ახალ პარლამენტშიც ჩამოინგრა, რუსთაველზე დაგებული ფილაქანი აყრილია ისევე, როგორც აყრილია ქვაფენილი აღმაშენებლის გამზირსა და მეტეხის ხიდის მიმდებარედ, ყოფილი პუშკინის ქუჩაზე „რესტავრირებულ“ სახლებს ოთხის მაგივრად სამი კედელი აქვს… სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში ნუღარ გადაგვიყვანთ… თბილისის ყოფილ  მერს მილიონების შეჭმას ედავებიან! 2005 წელს განათლებისა და ფინანსთა სამინისტროებს შორის 50 მილიონი ისე დაიკარგა, დღესაც ვერავინ პოულობს!.. მცხეთიდან გორამდე ახალი გზის დაგებას ცხრა წელი დასჭირდა და მხოლოდ სამოცი კილომეტრია დაგებული… ამასთან, ეს გზა  ყოველ ფეხის ნაბიჯზე დღესაც რემონტდება.  ამის გარდა ნაცებს ათი ათასობით ადამიანი ბიზნესის დაქცევას ედავება, ქვეყანაში ტყე-პარკებისა და სკვერების აბსოლუტურ უმრავლესობას რეკრიაციული ზონის სტატუსი აღარ აქვს, ქვეყანას აღარ გააჩნია ტერიტორიის 20 პროცენტი!.. ბოლოს, ყველაზე დიდი უბედურება: ქუჩაში დახვრიტეს და დახოცეს ასეულობით ადამიანი.

 შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არა, თანდაყოლილიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამდენი უბედურებს ჩადენის შემდეგ ურცხვად რომ თქვას,  ჩვენც გვიკეთებია ქვეყნისთვის რაღაცო! ნაცებს ვინღა ჩივის, მათი ნამოქმედარი, ეტყობა, ამ ხელისუფლებასაც უნდა შევახსენოთ ხშირ-ხშირად, თორემ ტყუილია,  რომ ამბობენ,  ამნეზია გადამდები არ არისო…  

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0