06:56 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
რატომ ფერხდება საქართველოში ბიომეურნეობის განვითარება

რატომ ფერხდება საქართველოში ბიომეურნეობის განვითარება?

© photo: Sputnik / Александр Имедашвили
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
22733

მხოლოდ ქიმიური სასუქების გამოყენებამ, მცენარის ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი ნიადაგის შემადგენლობა გააუარესა და ამჟამად საჰექტარო მოსავლიანობით ევროატლანტიკური სივრცის 32 ქვეყანას შორის, ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ.

  ლალი ნოზაძე                    

 მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ჯანმრთელი პროდუქტის დეფიციტს უკვე 2020 წლიდან პროგნოზირებენ. დღეისთვის ის მთლიანად წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ფერმერებმა, რომლებმაც ბიომეურნეობას მიჰყვეს ხელი, ქიმიურ სასუქებზე უარი თქვეს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერებისას, როგორც კლასიკურ, ისე ინოვაციურ მეთოდებს იყენებენ. ორგანულ სასუქებთან დაკავშირებით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ფერმერებს როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე საქარველოს ბაზარზეც ინოვაციური მეთოდებით დამზადებულ, მაღალხარისხიან, ორგანულ სასუქებს სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფერმერმა საქართველოშიც ბიომეურნეობას მიჰყო ხელი, ინფორმაციის სიმწირის გამო, გლეხები ორგანულ წარმოებას მასიურად მაინც ვერ ახერხებენ.

 რეალობა კი ისაა, რომ მხოლოდ ქიმიური სასუქების გამოყენებამ მცენარის ნორმალური ზრდისთვის აუცილებელი ნიადაგის შემადგენლობა გააუარესა და ამჟამად საჰექტარო მოსავლიანობით ევროატლანტიკური სივრცის 32 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ. თუმცა, პრობლემა ქიმიური სასუქების არასწორ გამოყენებაშიცაა. სოფლის მეურნეობას წელიწადში დაახლოებით 100-115 ათასი ტონა ქიმიური სასუქი სჭირდება, რაც საკმაოდ ძვირია, მაგრამ გლეხმა ფული რომც იშოვოს, ან ის სახელმწიფომ მოამარაგოს, მის გამოყენებამდე ნიადაგის ანალიზია აუცილებელი. ამის შემდეგ ფერმერმა დაბალანსებული ქიმიური სასუქი უნდა შეარჩიოს, რაც ფაქტიურად, არ ხდება და შხამქიმიკატებით გაჯერებულ მინიმალურ მოსავალსაც ამიტომ ვიღებთ.

 „ფერმერს შეუძლია ტრადიციულ, მამაპაპისეულ მეთოდს დაუბრუნდეს და ნაკელი გამოიყენოს. თუმცა, ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში დაახლოებით 20-25 მილიონი ტონა ნაკელი ესაჭიროება, საქონლის რაოდენობის მიხედვით კი — 5 მილიონ ტონაზე მეტი ვერ გროვდება. არსებობს მარტივი ტექნოლოგია, ვერმიკულტივირების მეთოდი. ეს არის მეთოდი, რომლის მიხედვითაც, იქვე, სადაც ნარჩენი წარმოიშობა (ანუ ფერმერის კარ-მიდამოზე სეზონურად დაგროვილი ნაკელი, მოთიბული ბალახი, ჩალა და ა.შ), ჭიაყელას უშვებენ. ჭიაყელა ამ მასით იკვებება და მას გადაამუშავებს. სწორედ ამგვარი გადამუშავების შედეგად მიღებული ნივთიერება გახლავთ ორგანული სასუქი და მას ბიოჰუმუსი ეწოდება. ბიოჰუმუსად კი — 5 მილიონი ტონა გადამუშავებული ნაკელის 60% გარდაიქმნება.ერთი ტონა ბიოჰუმუსი  14 ათასი ტონა ნაკელის ექვივალენტურია. ფერმერს სულაც არ სჭირდება ნაკელის შეგროვება, — საკმარისია, ნაკვეთში ხის სპეციალური ყუთებით მოათავსოს ნაკელი, ჩალა, ფოთოლი და მასში შესაბამისი ტენიანობის პირობებში ჭიაყელა შეუშვას. ერთი ჭიაყელა წელიწადში მილიონ-ნახევრად იქცევა“ — განაცხადა ჩვენთან საუბარში ბიომეურნეობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა — როლანდ მათიაშვილმა, რომლის ახალ წამოწყებას ჩვენ მორიგ სტატიაში გავაშუქებთ.

 აღსანიშნავია, რომ წითელი ჭიაყელა ვერმიკულტურაში ყველაზე მეტ ბიოჰუმუსს იძლევა. ამერიკელმა მეცნიერებმა გასული საუკუნის 50-იან წლებში ჭიაყელას 8 ათასი ჯიშიდან სწორედ ეს სახეობა შეარჩიეს, მაგრამ ქართველი და ევროპელი მეცნიერების აზრით, ქართული პოპულაცია კალიფორნიულ ჭიაყელას არაფრით ჩამოუვარდება. ჩვენთან ვერმიკულტივირების მეთოდით მოსავალი მხოლოდ რამდენიმე ფერმერს მოჰყავს. რაც მთავარია, მოსავალი ეკოლოგიურად სუფთა სასუქით მიიღება და მას ალტერნატივა არ გააჩნია. უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ყველა იმ საკვები პროდუქტის რეალიზება იკრძალება, რომელიც ჰუმუსის გარეშეა მოყვანილი.    სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ XXI  საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის და ტექნოლოგიების 40% ეკოლოგიური იქნება. შესაბამისად, კომპანიები და კერძო მეწარმეები, რომლებიც სხვებზე ადრე გაიაზრებენ ამ მიმართულების მომგებიანობას,  შესაბამის სტრატეგიას შეიმუშავებენ და ინვესტიციებს ჩადებენ, უდავოდ მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მსოფლიო ბანკის კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ეკოლოგიურ მოთხოვნებს ითვალისწინებენ და მკაცრი სტანდარტი აქვთ, მსოფლიო ბაზარზე ლიდერის როლში აღმოჩნდებიან.

 საქართველოში ბიომეურნეობების სისტემური განვითარებისთვის სახელმწიფომ მიიღო კანონი,,ბიოლოგიური აგროწარმოების შესახებ”, ბიოპროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესები მოწესრიგდა, დამტკიცდა ბიოლოგიურ აგროწარმოებაში გამოსაყენებლად ნებადართული ნივთიერებების ნუსხა, დაგეგმილია ბიოლოგიური აგროწარმოების შესახებ საქართველოს სტანდარტისა და  ბიოპროდუქციის სერტიფიცირების წესის შემუშავება. თუმცა ბიომეურნეობის განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისთვის სუფსიდიების გამოყოფა, მათი ინფორმირებულობისა და პროდუქციის რეალიზაციაში დახმარება, უმნიშვნელოვანესია. 

 

 


მთავარი თემები