ევგენი კოჟოკინი: დაივიწყო ყველაფერი, იშოვო ფული და საქართველოში გადაღებებზე წახვიდე

© Анна Кожокинаევგენი კოჟოკინი
ევგენი კოჟოკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევგენი კოჟოკინის ფილმი საქართველოში რუსებისა და რუსეთში ქართველების თემას ეძღვნება. რეჟისორი „სპუტნიკი–საქართველოს“ კორესპონდენტს საკუთარ ფილმზე, ორი ხალხის მენტალობასა და ხასიათში არსებულ განსხვავებებსა და მსგავსებაზე, მათ ურთიერთობასა და მომავალზე ესაუბრა.

მან ბევრი ცხოვრებით იცხოვრა: იყო ტექნიკური კონტროლის განყოფილების კონტროლიორი, რუსეთის სახალხო დეპუტატი, დამკვირვებელი მთიან ყარაბაღში, ელცინის ადმინისტრაციასა და ხაზბულატოვის უზენაეს საბჭოს ხელმძღვანელობას შორის პარლამენტარი. ევგენი კოჟოკინი ახლა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე სცენარისტი და რეჟისორ–დოკუმენტალისტი გახლავთ. მისი მომდევნო ფილმი საქართველოში რუსებისა და რუსეთში მცხოვრები ქართველების თემას ეხება. რეჟისორი „სპუტნიკი–საქართველოს“ კორესპონდენტს საკუთარ ფილმზე, ორი ხალხის მენტალობასა და ხასიათში არსებულ განსხვავებებსა და მსგავსებაზე, მათ ურთიერთობასა და მომავალზე ესაუბრა. 

— ევგენი, რატომ საქართველო?

— იმიტომ, რომ ფილმი მხოლოდ საინტერესო კი არა, ლამაზიც უნდა იყოს. საქართველო კი უსაშველოდ ლამაზი ქვეყანაა. მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა თითოეული რეჟისორისთვის საჩუქარია. თუ ჰორიზონტზე საქართველოს შესახებ ფილმის გადაღების რამენაირი შესაძლებლობა ჩნდება — უნდა დაივიწყო ყველაფერი, გაყიდო ჯინსები, შლაპა, იშოვო ფული და გადაღებაზე გაემგზავრო. 

— და მაინც, თქვენ შეისწავლეთ საფრანგეთი, ამერიკა, დსთ–ის  ქვეყნები…

— აქ წმიდა ცხოვრებისეული ვითარებაცაა. გასულ ზაფხულს ჩემთან უახლოესი მეგობარი, მოსკოველი გრიშა კაკოვკინი ჩამოვიდა, რომელთან ერთადაც ვიჯექი მერხზე და რომელთანაც მთელი ცხოვრება ვმეგობრობ. ის დოკუმენტალისტია. იმ დროს აბსოლუტურად თავისუფალი ვიყავი, კონტრაქტი არ გამიგრძელეს. გრიშამ მითხრა: „ეხლახან ჩამოვედი საქართველოდან. ეს ზღაპრული ქვეყანაა“. მან შემომთავაზა გადამეღო ფილმების სერია, რომელსაც საქართველოთი დავიწყებდი. ამიტომ, როცა ფილმი დასრულდება, თავში გრიგორი კაკოვკინის სახელი ეწერება, როგორც იდეის ავტორისა. გუნდში კი ორი რეჟისორი გვყავს: მე და იანა რაისკაია, ჩემი უფროსი ქალიშვილი. 

— ანუ კინემატოგრაფი და რეჟისურა თქვენს გეგმებში მყარად შედის?

— დიახ. ვგეგმავ დავასრულო, ასე ვთქვათ, რუსეთის ისტორიის რომანი–სცენარი, რომელიც ახლა შეჩერებული მაქვს. საერთოდ კი საოცრად მაინტერესებს ლიტერატურა და კინემატოგრაფი. ამ სფეროში ბევრი რამის გაკეთება მსურს, თანაც ისე, რომ მეცნიერება არ მივატოვო. 

— გვიამბეთ თქვენს ფილმზე. რა ერქმევა მას? 

— უბრალო სახელი მინდა დავარქვა: „რუსი და ქართველი“. ეს რვა მთავარი გმირის ისტორიაა, რომლებიც ხან გადაეყრებიან სხვა ქვეყანაში მცხოვრები ანალოგიური პროფესიის ადამიანებს, ხან — არა. ზოგ მათგანს ფართო საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ ცნობილები არიან საკუთარ სფეროში. 

— და რაზე საუბრობენ თქვენი გმირები?

— საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებასა და, რა თქმა უნდა, საკუთარ სამუშაოზე. ესენი მხატვრები, დიზაინერები, მასწავლებლები არიან. არის სიუჟეტი მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოზე, ხოლო მოსკოვში ქართველი მხატვრების ოჯახი უნდა გადავიღოთ. ჩემმა ქალიშვილმა აღმოაჩინა დიზაინერი, რომელიც მოსკოვში ქართველი დიზაინერების წარდგენითაა დაკავებული, ვინაიდან ის, რაც ახლა საქრათველოში სამოსის დიზაინის კუთხით ხდება, ძალიან საინტერესოა. ეს ქალბატონი ქართველებს რუსულ ბაზარზე გამოსვლაში ეხმარება. ჩვენ ასევე დაგვეხმარნენ გვეპოვა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც რუსეთში საბანკო სფეროში მუშაობდა, მაგრამ მიატოვა სამსახური და ფეხსაცმლის დიზაინერობას მიჰყო ხელი. იარა, იარა ამ ქალბატონმა რუსეთიდან სომხეთისკენ, გზად თბილისში შეჩერდა, ერთ–ერთი ქართველი დიზაინერის ფეხსაცმლის სახელოსნოში შეიარა და  გადაწყვიტა, რომ იქ დარჩენილიყო. გვაქვს სიუჟეტი რუსული ენის მასწავლებელზე თბილისში და ქართული ენის მასწავლებელზე  მოსკოვში. ის გაკვეთილებს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ატარებს, რევოლუციამდელ ტაძარში, რომელიც ქართულ სათვისტომოს ეკუთვნის. გაკვეთილებს ქართველების გარდა რუსებიც ესწრებიან. 

— რატომ დაგაინტერესათ უბრალო ადამიანების ბედმა?

— და მე თავად ვინ ვარ? არასდროს დამავიწყდება, რომ დიდ ქარხანაში ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში კონტროლიორად ვმუშაობდი, თანაც სულ რაღაც მეორე თანრიგის კონტროლიორად. ამის შემდეგ მტვირთავადაც ვიმუშავე ტყავის გალანტერეის ფაბრიკაში. იცით, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ეს დაივიწყეს. ზოგმა ჩემმა მეგობარმა თქვა: „ჩვენთან დამლაგებლებად მოდიან ქალები, რომლებიც თითქოს რუსულად ლაპარაკობენ, მაგრამ არაფერი გვესმის.  არც იმათ ესმით ჩვენი ნალაპარაკები“. ვეკითხები, კი მაგრამ, ვერ გავიგე, რაზე ელაპარაკებით–მეთქი? ეს იმიტომ, რომ უბრალო ადამიანებთან საუბრის პრობლემა არასდროს მქონია, მე ჩვენ შორის სხვაობას ვერ ვხედავ. თანაც, როცა მათ, მაგალითად, პოლიტიკაზე ვესაუბრები, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ისინი, შეიძლება სხვა სიტყვებით, მაგრამ ძალიან ჭკვიანურ მოსაზრებებს გამოთქვამენ. უფრო მეტიც, ისინი ჩემთვის გაუგებრად, რაღაც ამოუხსნელად გრძნობენ ადამიანს პოლიტიკაში, ვიდრე ინტელექტუალები. ეს სახალხო ცნობიერებაა და ის უფრო საინტერესოა და ღრმა. უბრალო ხალხს პატივი უნდა ვცეთ და ეს ჩემთვის აბსოლუტურად ორგანულია და საინტერესო. 

— რაზე ესაუბრებით ფილმში საკუთარ გმირებს? 

— ვეკითხებით, როგორ ხედავენ რუსები ქართველებს და ქართველები რუსებს. აი, მაგალითად, გვაქვს კიდევ ერთი სიუჟეტი, რომელიც მერაბ მამარდაშვილს ეძღვნება. ის რაღაცნაირად განცალკევებით დგას, ვინაიდან მე–20 საუკუნის ეს დიდი ფილოსოფოსი ერთნაირად ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ისე რუსებისთვის. ახლახან სემინარი ჩატარდა, სადაც საქრთველოში პირველად ნამყოფმა გოგონამ თქვა: „ძალიან მიიოლდება ქართველებთან ურთიერთობა. ისინი ძალიან სიცოცხლით სავსეები არიან, როცა ძალიან უჭირთ, მაშინაც კი არ ყრიან ფრთებს“. იცით, ძალიან ბევრი რუსი ცხოვრებას რაღაცნაირად, მოჟამულად უყურებს. კი, ისინი ლახავენ პრობლემებს, უზომოდ დიდებსაც, წინ მიდიან, მაგრამ ამას რაღაცნაირად ნაღვლიანად, მძიმედ,  უიმედოდაც კი აკეთებენ. ეს ერის თვისებაა. ადამიანები არ ნებდებიან და შეუძლიათ იცხოვრონ აი ასეთი გამუდმებული შინაგანი ნაღველით, დარდითა და ტრაგედიებით სავსეებმაც კი. 

— არის თუ არა კავშირი თქვენს წიგნს „კერძო ადამიანებსა“ და ამ ფილმს შორის?

— „კერძო ადამიანები“ სამი ავტორის მიერ დაწერილი წიგნია: გრიგორი კაკოვკინის, ივან ალექსეევისა და ჩემი. მასში მოთხრობილია ადამიანებზე, რომლებიც არ არიან პარტიულები, არ მუშაობენ არც სახელმწიფოზე და არც სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი ცხოვრობენ ისე, რომ პოლიტიკით განსაკუთრებულად არ ინტერესდებიან. მათ ჰყავთ ოჯახები და მეგობრები. ისინი პოულობენ საკუთარ ნიშას ცხოვრებაში. თუ პრობლემა იჩენს თავს, ყველაზე ხშირად მეგობრებს მიმართავენ დახმარებისთვის. და ცხოვრობენ ასე, კერძო ცხოვრებით. თანაც ისინი შეიძლება გამორჩეული პროფესიონალებიც იყვნენ. ასე რომ, თუ წმიდა  ფილოსოფიური კუთხით მივუდგებით, მაშინ წიგნსა და ფილმს შორის კავშირი არის. 

— ანუ, წიგნშიც და ფილმშიც თქვენ გინდათ თქვათ, რომ უბრალო ადამიანები მაგალითად, ზოგიერთ სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეზე ნაკლებ საინტერესოები არ არიან?  

— მე ისინი ხშირად უფრო საინტერესოდ მეჩვენებიან, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწეები. იმიტომ, რომ ზოგ ადამიანს მხოლოდ ორი თვისება აქვს — ძალაუფლებისადმი სიყვარული და წარმოუდგენელი ენერგია, და მეტი არაფერი. ეს კი ხელისუფლებაში მოსასვლელად საკმარისი არ არის. მერე ასეთები ისე გაგვიძღვებიან ხოლმე წინ, რომ საამისოდ არც მომზადებულები არიან, არც ქვეყანას იცნობენ და არც იმ ადამიანებს სცემენ პატივს, რომლებსაც სათავეში უდგებიან. და ჩვენ ვიღებთ იმას… 

— იმას, რასაც ვიღებთ!

— დიახ! აი, ამის შემდეგ წაიკითხეთ ქალაქ „გლუპოვოს“ ისტორია ქალაქის თავების შესახებ. არის კიდევ ერთი თემა, რომელიც, ასე თუ  ისე, მაგრამ მაინც მაღელვებს და რომელიც ფილმს უკავშირდება. ჩვენ, მოსკოვსა თუ თბილისში მცხოვრებნი აბსოლუტურად უნიკალურ ქალაქებში ვცხოვრობთ — უსაშველოდ ლამაზ, უანალოგო ქალაქებში. აბა, მიპოვეთ ქალქი, რომელიც თბილისს ჰგავს. მე კარგად ვიცნობ ერევანს, კარგად ვიცნობ ბაქოს, მაგრამ თბილისი თითქოს სხვა პლანეტის ქალაქია. ასევე არ არსებობს  სხვა არც ერთი ქალაქი, რომელიც მოსკოვს ჰგავს. და  როცა ვინმე ამბობს: ოჰ, პარიზი! ოჰ, რომი! ოჰ, ნიუ–იორკიო, კი შეიძლება მათ დასათვალიერებლად წახვიდე, მაგრამ ჩვენი ქალაქები არაფრითაა მათზე ნაკლები. ის კი არა, უფრო საინტერესოც კია. მაგრამ რატომღაც დედამიწის იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვცხოვროთ — მარტო საქართველოში ან რუსეთში კი არა, უკრაინაშიც, ბელორუსიაშიც და ყაზახეთშიც — მიღებულია, რომ აი იქ, სადღაც პირდაპირ განსაცვიფრებელი ცხოვრებაა, ჩვენ კი როგორღაც გაგვაქვს თავი. არადა, ნორმალურადაც ვცხოვრობთ და არაჩვეულებრივი ქალაქებიც გვაქვს აშენებული. სხვა საქმეა, რომ ეს ქალაქები ძალზე მგრძნობიარე, მოწყვლადი ქალქებია და უნდა გვესმოდეს, რომ თუ რაღაცეებს დავშლით და დავანგრევთ, სამუდამოდ დავშლით და დავანგრევთ. ეს მოსკოვის პრობლემაცაა და თბილისისაც. არსებობს ძველი მოსკოვიც და არსებობს ძველი თბილისიც. და როცა ხედავ, როგორ ქრება ძველი მოსკოვი იმიტომ, რომ იქ რაღაც „სთეით ბილდინგი“ შენდება, რომელიც ნიუ–იორკშიც, ტოკიოშიც და აბუ–დაბიშიც ერთნაირია. ეს ხომ რკინაბეტონის კოლოფებია, ყველასათვის შეუმჩნეველი ნიუანსებით. აი, თბილისური ეზოები კი არც ნიუ–იორკშია და არც აბუ–დაბიში. გასაოცარი არქიტექტურის ძველი მოსკოვური სახლებიც ძალიან ცოტა დარჩა. არადა არქიტექტურა ქმნის განწყობას, ჩვენთვის შეუმჩნევლად აყალიბებს ჩვენს ესთეტიკურ შეხედულებებს. ანუ, იმისათვის, რომ საკუთარი უნიკალურობა შევინარჩუნოთ, უნდა დავიცვათ ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი ატმოსფერო. და ეს უნდა ვისწავლოთ.  

— როგორც ცნობილია თბილისსა და მოსკოვს შორის ოფიციალური  დიპლომატიური კავშირები არ არსებობს. ხომ არ შეგხვედრიათ რაიმე სირთულე ამის გამო? 

— მიმაჩნია, რომ თბილისმა  განსაკუთრებული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო: რუსეთიდან ჩასულს პასპორტში ბეჭედს  გირტყამენ და ყოველგვარი ვიზის გარეშე შეგიძლია დარჩე საქართველოში. ამას უზარმაზარი ეფექტი აქვს. ახლა მოსკოვის საშუალო კლასში საქართველოსადმი ინტერესი იზრდება. ფილმზე მუშაობისას მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჩემი ნაცნობების ნაწილი უკვე ნამყოფია საქართველოში. ისინი ტურისტულ მოგზაურობაში იყვნენ და უკან საოცარი შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ. ეს ყველა სატელევიზიო რეკლამაზე საიმედოა. თუმცა ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ბევრი ჩვენგანი, ნაწყენია ჩვენდამი დამოკიდებულების გამო… 

— რა დამოკიდებულების? 

— იცით, ჩვენ, რუსები, სხვადასხვაგვარად ვეკიდებით ჩვენს პრეზიდენტს, მაგრამ ის ჩვენი პრეზიდენტია, ჩვენ ავირჩიეთ. ასე რომ, მისი შეურაცხყოფა, მისი ჰიტლერთან შედარება, ეს სიმდაბლეცაა და ტყულიც. ისრაელში ვიყავი, სადაც ერთ მაღალჩინოსანს  ვესაუბრე, რომლის საქმეც ებარელების სამშობლოში დაბრუნებაა. მასთან საუბრისას გაიჟღერა, რომ ჩვენებურ მწერალ შენდეროვიჩს სოჭის ოლიმპიადა ნაცისტებისდროინდელი მიუნჰენის ოლიმპიადისთვის შეუდარებია. ამაზე იმ მაღალჩინოსანმა მკითხა, თუ რუსეთში ნაციზმია, რატომ რჩება შენდეროვიჩი რუსეთში? ჩვენ ხვალვე მივანიჭებთ მას ისრაელის მოქალაქეობას, ჩამოვიდეს და აქ იცხოვროსო. რა ნაციზმი? რის ფიურერი? ეს უკვე საყოფაცხოვრებო დონეზე მოედო და ჩვენ არ გვსურს ვისმინოთ შეურაცხყოფა საკუთარი ქვეყნის მიმართ. ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი მარტო მისი სილამაზის გამო კი არ უჩნდება, ისინი მიდიან იქ, სადაც ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროა. ვინც კი საქართველოში ყოფილა და ვისთანაც მე მისაუბრია —  განსაკუთრებით, ახალგაზრდები, რომლებმაც საქართველოზე ბევრი არაფერი იციან — განცვიფრებულნი არიან ჩვენდამი კარგი დამოკიდებულებით. ადამიანურ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ განსაკუთრებით ვაფასებთ, თორემ ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რამდენი ნაკლი გვაქვს და  რამდენი უცნაურობა  გვჭირს. 

— თქვენი აზრით, როგორი იქნება ურთიერთობა მომავალში უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე? 

— იცით, ჩვენ სპეციფიური სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ის ჩვენი სახელმწიფოა. დროთა განმავლობაში ჩვენ მას როგორმე შევაკეთებთ, მოშვებულ ჭანჭიკებს მოვუჭერთ. რუსეთში ხანდახან ყველაფერი საშინლად ნელა ხდება, ისიც კი, რაც ყველასთვის გასაგებია და რასაც ყველა ეთანახმება. ჩვენში ისევ საბჭოური ბიუროკრატია მეფობს, მაგრამ საბჭოთა ბიუროკრატია უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ეს — თანამედროვე. საწყენია, მაგრამ ასეა.  

— როგორ უყურებენ დაახლოებას რუსეთის მოქალაქეები? თუ ის ისედაც დიდია და საქართველოს გარეშეც ბევრი პრობლემა აქვს?

— დიდია ტერიტორიულად, მაგრამ უკვე არა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. ვინ აღიქვამს პაკისტანსა და ბანგლადეშს მსოფლიოს დიდ ქვეყნებად? არავინ. არადა, პაკისტანიცა და ბანგლადეშიც აღემატებიან რუსეთს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. ამიტომ ამ კუთხითაც ვიცვლებით — სწრაფად არა, მაგრამ ვიცვლებით. ეს იმიტომ, რომ ვხედავთ, არც ისე ბევრნი ვართ. რაც უფრო მალე დამკვიდრდება ეს ცნობიერება, მით უფრო გავუფრთხილდებით ერთამენთს. რა თქმა უნდა, არსებობს რეგიონული თავისებურებები — მაგალითად, შორეულ აღმოსავლეთში ჩვენებურები ჩინეთთან, კორეასთან, იაპონიასთან ურთიერთობებზე ფიქრობენ, ვინაიდან ისინი არიან მათი მეზობლები, მაგრამ იქვე არსებობს ქუჩა, სადაც რესტორნებისა და მაღაზიების უდიდესი ნაწილი სომხებს ეკუთვნით. იქ აზერნბაიჯანელებიც არიან და უზბეკებიც. ქართველები ხომ ყველგან არიან. თუ რუსეთის რომელიღაც პატარა ქალაქში ჩახვალ და იქ რაღაც სამედიცინო პრობლემა იჩენს თავს, აუცილებლად საუკეთესო ექიმთან გაგაგზავნიან და ეს ექიმი ქართველი იქნება. ჩვენთვის ქართველები, უპირველესად, ინტელიგენციის წარმომადგენლები არიან. ეს ლეო ბოკერიაა — გენიალური კარდიოქირურგი. ერთხელ მასთან ვსაუბრობდი ვიღაც ამერიკელთან ერთად და რაღაც მომენტში იფეთქა: არ დაგავიწყდეთ, რომ მე მხოლოდ ქირურგი კი არა, ქართველიც ვარო! (იცინის). მოსკოველები ძალზე სხვადასხვაგვარად ეკიდებიან წერეთელს, თუმცა, ყველამ არ იცის, რამდენი რამ აქვს მას გაკეთებული მხატვრებისთვის. რუსი მხატვრების ნაწილი მხოლოდ ზურაბ წერეთლის წყალობითაა ცოცხალი და მისი დახმარებით მუშაობს. ის ძალზე ფართო ბუნების ადმიანია, როგორც ამას მხატვრები მეუბნებიან — ისეთები, რომლებიც მასზე სულაც არ არიან დამოკიდებულნი. ასეთი სახელები ძალზე ბევრია კინემატოგრაფსა თუ თეატრში. 


ყველა ახალი ამბავი
0