კალაძემ დედაქალაქში პარკების კულტურის განვითარებაზე ისაუბრა

© press-service of the Tbilisi City Hallმერიის პროექტი – ცენტრალური პარკი იპოდრომის ადგილზე
მერიის პროექტი – ცენტრალური პარკი იპოდრომის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
გამოწერა
დედაქალაქის მერის განცხადებით, 2017 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პრიორიტეტი თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პარკების კულტურის განვითარების მიმართულებით დედაქალაქში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა და ხელშესახებ შედეგსაც მივაღწიეთ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის წარდგენისას.

„როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ვხედავ – განახლებული რეკრეაციული სივრცეები დღეს სავსეა ადამიანებით. ამ საპარკე კულტურას სჭირდება წახალისება და კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო პროექტის განხორციელება", – აღნიშნა კალაძემ.

მერმა ისაუბრა კიკვიძის პარკზე, სადაც წლების წინ უმძიმესი მდგომარეობა იყო. ახლა კი, რეაბილიტაციის შედეგად ის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცეა. იგივე მდგომარეობაა „მზიურის“ განახლებულ პარკში, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს ვერ იტევს. მერმა ასევე გამოყო გლდანის მეექვსე მიკრორაიონში განახლებული პარკი.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
კალაძე: თბილისში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია

„დავიწყეთ ვაკის პარკის განახლება–რეაბილიტაცია. ფონდი „ქართუს“ მიერ ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება–მოწესრიგება, სადაც გვექნება ძალიან დიდ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი, იქნება ყველანაირი სივრცე და შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს, ისეირნოს", – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქში მიმდინარეობს თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია, იმ გზაგამყოფების მწვანე საფარით მოპირკეთება, რომელიც მანამდე ბეტონის იყო.

წლის ბოლომდე დაიწყება თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები. ის ორი წელიწადში დასრულდება.

„ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, უფრო მეტი ამბიცია გვაქვს და რეალურად ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე, რეკრეაციული ზონები გაჩნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე, კომფორტული და ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანი კომფორტულად იცხოვრებს", – განაცხადა კალაძემ.

ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში მოეწყო და გარემონტდა 1.000 სკვერი, 15 პარკი და 60 მწვანე კუნძული. მთლიანობაში ეს ტერიტორიები 100 ჰექტარზეა გაშლილი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
კალაძე: სიამაყით ვაცხადებ, რომ გარემოს დაცვის კუთხით უამრავ წარმატებას მივაღწიეთ

კალაძემ მადლობა გადაუხადა რაიონის გამგებლებს, ეკოსერვისის თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ ისინი თავდაუზოგავად შრომობენ დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოსაწყობად, რათა ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ყველანაირად გამართული. მერის თქმით, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თბილისი უახლოეს მომავალში გამორჩეული, ერთ-ერთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი გახდება, სადაც განვითარება და აღმშენებლობა უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების მიხედვით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0