კალაძე: სერვისი რომ უფრო გამართული იყოს, ტაქსების რეფორმა გაგრძელდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ტაქსი
თბილისის ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
გამოწერა
თბილისის მერიამ ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მძღოლებს ტაქსის ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის და ამ მიმართულებით იქნება შემდეგი ეტაპები, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.

კალაძის თქმით, ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს.

„იქნება შემდეგი ეტაპები, რათა ეს სერვისი, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, იყოს გამართული და მოწესრიგებული. ავტომობილები უნდა იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2020
მარჯვენასაჭიანი ტაქსით საქმიანობის უფლება გახანგრძლივდა

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. მათ მგზავრების აყვანა შეუძლიათ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ასევე ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი მერიამ უფასო ვაუჩერი დააწესა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერები დაურიგდათ.

ყველა ახალი ამბავი
0