„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა ოქტომბრის დასაწყისში განახლდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძემ დედაქალაქის მასშტაბით დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის  მოგვარების მიზნით სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
მერია „ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს

მისი თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

„ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ“, – განაცხადა კალაძემ.

საცხოვრებელი კომპლექსი „ოლიმპიური ვარსკვლავი“ თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს, მისი მშენებლობა 2006-2008 წლებში დაიწყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო პროექტი ვერ დასრულდა.

2012 წელს „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 27 მლნ ლარით დაჯარიმდა, თუმცა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯარიმა 450 ათას ლარამდე შეუმცირდა. აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებელ ბინებს 350-ზე მეტი ოჯახი 15 წლის განმავლობაში ელოდება.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
სამშენებლო აფერის ასობით მსხვერპლი თბილისში ბინას მიიღებს

როგორც მერმა აღნიშნა, უკვე დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

„დაახლოებით 6 ათასამდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და, ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 180 ობიექტია, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს.

2019 წელს შეიქმნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“, რომელიც დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0