კალაძე: ეს ქალაქი არის ყველასთვის

გამოწერა
მერი დარწმუნებულია, რომ ახალი პროექტი დედაქალაქში გადაადგილებას კომფორტულს გახდის არა მარტო ავტომფლობელებისთვის, არამედ ქვეითებისთვისაც.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისში ავტობუსების სატრანზიტო დერეფნები გაჩნდება – ახალი სატრანსპორტო პროექტი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარმოადგინა.

კალაძის განცხადებით, პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი სპეციალური სატრანზიტო დერეფნები შეიქმნას, რათა ავტობუსებმა სწრაფად და თავისუფლად გადაადგილება შეძლონ. 

ჭავჭავაძის გამზირი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია – „მიეჩვევიან“, ანუ რატომ „გაჩერდა“ ჭავჭავაძის გამზირი

„სატრანსპორტო პოლიტიკა საკმაოდ აქტუალური თემაა. რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის, მასში მცხოვრები ადამიანების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობისთვის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, მიმზიდველი გავხადოთ ტრანსპორტი“, – განაცხადა კალაძემ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგანაც ქალაქს მოძველებული საავტობუსე პარკი ჰქონდა, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა, აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, ე.წ. ყვითელმა ავტობუსებმა ყველანაირი რესურსი ამოწურეს და მათი შეცვლა ახლით ეტაპობრივად ხორციელდება, თუმცა სატრანსპორტო პრობლემა კვლავ რჩება.

„ხშირად ამბობენ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ავტობუსების დამატებაა საჭირო. არავინ ფიქრობს, რომ ავტობუსების დამატებით ჩვენ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით. პირობითად, დღეს თუ ორი ავტობუსი და 30 მანქანა დგას „საცობში“, ავტობუსების დამატებით „საცობიც“ გაიზრდება“, – განაცხადა კალაძემ.

მერი დარწმუნებულია, რომ არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს სპეციალური საავტობუსე ზოლები – სატრანზიტო დერეფნები წარმოადგენს, რათა მოქალაქეებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ. 

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა დაინერგება

„ეს ქალაქი არის ყველასი. მე მესმის კერძო ავტომობილების მძღოლების, თავად ვზივარ საჭესთან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებიც ქვეითად მოძრაობენ, გადაადგილდებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ელექტროსკუტერით თუ ველოსიპედით. ამიტომ საგზაო სივრცეები თანაბარად უნდა გადანაწილდეს“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალურ ზოლში, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, არის უალტერნატივო და მოძრაობის ასეთი სქემა გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანაში. მერის თქმით, 2012 წლამდე თბილისში დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეს კი ეს რიცხვი 600 ათასს აჭარბებს.

„ეს რიცხვი მზარდია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა. მინდა, რომ ეს რეფორმა დავიწყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. ანალოგიურ პროექტებს სხვა ქუჩებზეც განვახორციელებთ. შეიძლება ყველა ქუჩა ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირი, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პროექტში მსგავსი დამოკიდებულება გვექნება. გავაჩენთ საავტობუსო ზოლებს, რომ ეს წრე შეიკრას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მერის ჩანაფიქრით, თბილისში ყველას – კერძო ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითებს თავისი სივრცე ექნებათ.

„მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც „საცობში“ მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი რომ აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ველოსიპედების გადასატანად ავტობუსებზე სპეციალური სამაგრები დამონტაჟდება

მისი თქმით, ყველაფერი, რაც კეთდება – თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც არსებული ეკოლოგიური ვითარება, გამონაბოლქვისგან დაბინძურებული ჰაერი ყველას აღელვებს. სატრანზიტო დერეფნების პროექტის განხორციელება კი შესაძლებელს გახდის, რომ პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრას და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ, დარწმუნებულია მერი.

„ამ დღეებში ისმის შეკითხვები – სექტემბერი მოვა და მერე რა იქნება? პირდაპირ გეტყვით – იქნება ის, რაც წლების წინ სწავლის დაწყების დროს ხდებოდა, მაგრამ ერთი განსხვავებით – საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უპრობლემოდ, შეფერხების გარეშე და მოქალაქეები ტროტუარებზე გადაადგილდებიან“, – განაცხადა კალაძემ.

მერი დარწმუნებულია, რომ არჩეულია სწორი მიმართულება, რომელიც თბილისს დიდი ხანია სჭირდებოდა. კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ერთიანი ძალისხმევით ეს ქალაქი ყველას ქალაქი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0