თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერია საპილოტო პროექტის განხორციელებას შეუდგა, რომელიც დედაქალაქის ეზოებში სისუფთავის მხარდაჭერაზეა მიმართული. ეს ნაგვის კონტეინერების ოპტიმიზაციას გულისხმობს, იუწყება ტელეარხი Imedi.
თბილისის მერია ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას იწყებს>>
ვარკეთილში უკვე დაასუფთავეს ეზოები ნაგვისგან და დააცარიელეს ნაგვის ურნები. პროექტი დაახლოებით 4 ათასი ნაგვის კონტეინერის შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებზე გამოტანას გულისხმობს.
საპილოტო პროექტის ფარგლებში ასევე მოირეცხება შიდა ეზოები და ნაგვის კონტეინერები სპეციალური ქაფით დამუშავდება.
საპილოტო რეჟიმში ჩართულია დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო. ამ ეზოებში, სანამ პროექტი დაიწყებოდა, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთან და მათ აღნიშნული პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს.
ეზოებში გაკრულია საინფორმაციო პლაკატები პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციით.