04:38 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (261)
113 0 0

გარემონტებულმა ჭავჭავაძის გამზირმა და მასზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის  მოძრაობის ახალმა სქემამ უკვე მოასწრო და მოწინააღმდეგეების არმია შეიძინა.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ჩვენი დამოკიდებულება არ არის, რომ ვებრძვით კერძო ავტომობილებს, პირიქით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმით ყველას თანაბრად გადაუნაწილდება მიმართულებები, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის ცენტრში გარემონტებულმა ჭავჭავაძის გამზირმა და მასზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ახალმა სქემამ უკვე მოასწრო და მოწინააღმდეგეების მთელი არმია შესძინა თბილისის მერიას. მისი ამოქმედების პირველსავე დღეს თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი „გაჩერდა“ – შეიქმნა უშველებელი „საცობები“.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები გამზირზე ქუჩის შუაში მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებიან.

თბილისის მერმა ბოდიში მოუხადა მძღოლებს, რომლებსაც ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს გადაადგილებისას პრობლემები შეექმნათ და „საცობებში“ იდგნენ. მან ასევე ისაუბრა იმ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომლის განხორციელებაც საზოგადოებისთვის გარკვეულად მტკივნეულია.

„ადამიანურად ნამდვილად მესმის თქვენი. მეც რიგითი მოქალაქე ვარ, ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ყოველდღიურად ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენ ადგილზე მეც იგივე განწყობა და დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის თითოეული თქვენგანის და კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადოთ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა განმარტა, ხელისუფლებაში მოსვლამდე მისმა გუნდმა განაცხადა, რომ ქალაქში გაატარებდნენ რეფორმებს, რომელიც შესაძლოა მოქალაქეებისთვის მტკივნეული ყოფილიყო. მათი საარჩევნო პროგრამა 7 ძირითად საკითხზე იყო დამყარებული და ერთ-ერთი იყო სატრანსპორტო პოლიტიკა.

კალაძის განცხადებით, მათ სატრანსპორტო მიმართულებით მუშაობის დაწყებისას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები მოიძიეს. ამ კომპანიების მხარდაჭერით, რომლებიც მუშაობდნენ ევროპულ განვითარებულ ქალაქებში, დაიწყეს სტრატეგიის, დაგეგმარების, მარშრუტების შემუშავება და რეფორმები.

„არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის ჩემი ახირება და ხუშტურები. ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, მინდა და მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემს ქალაქშიც განხორციელდეს... კომპანიები, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ, უძლიერესი კომპანიებია“, – განაცხადა კალაძემ.

ილია ჭავჭავაძის გამზირის განახლება დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო. პროექტის ფარგლებში შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყო ველობილიკიც.

გამზირი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

ჭავჭავაძის გამზირის განახლება ქალაქის ბიუჯეტს 8,6 მლნ ლარი დაუჯდა.

თემები:
თბილისის მერია (261)

მთავარი თემები