თბილისის რომელ უბანშია ნებადართული საახალწლო გარევაჭრობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ბაზრობა
საახალწლო ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო გარევაჭრობისთვის თბილისში შესაბამისი ადგილები გამოიყო. ბაზრობები გლდანი-ნაძალადევის, დიდუბის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონებში განთავსდება.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლო გარევაჭრობა 18 დეკემბრიდან 7 იანვრის პერიოდში ნებადართული იქნება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

საახალწლო დღეებში მოსახლეობა სასურველი პროდუქციის შეძენას სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეძლებს.

„დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით გამგეობებს გამოყოფილი აქვთ კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ… მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ამ კონრეტულ ლოკაციებზე, სადაც არის სისუფთავე, მივიდნენ და მათთვის სასურველი პროდუქცია შეიძინონ", – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

საახალწლო გარევაჭრობისთვის თბილისში შესაბამისი ადგილები გამოიყო. ბაზრობები გლდანი-ნაძალადევის, დიდუბის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის რაიონებში განთავსდება.

საახალწლო თბილისი - Sputnik საქართველო
საახალწლო მზადება გრძელდება: ტრანსპორტის მოძრაობა რუსთაველის გამზირზე გადაიკეტება

თბილისის მასშტაბით საახალწლო ბაზრობები შემდეგ ლოკაციებზე ამოქმედდება: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიზე; ვერის ბაღის შესასვლელთან; მეტროს სადგურების – „დელისისა" და „ვაჟა-ფშაველას" მიმდებარე ტერიტორიაზე; სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში; მეტროს სადგურ „ღრმაღელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში; დიდუბეში – ბორის პაიჭაძის N1-თან; მეტროს სადგურ „ვარკეთილის" მიმდებარედ, ჯავახეთის ქუჩაზე, "თიბისი ბანკთან" და ყვავილების ბაზრობასთან; კალაუბნის ქუჩაზე ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.

დედაქალაქის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბრისთვის თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთებითა და საახალწლო ბაზრობის გახსნით დასრულდება.

წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის. მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევროა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.

თბილისის ცენტრში საახალწლოდ ტრადიციულად მოეწყობა „საახალწლო სოფელი". შარშან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდა კონცერტები, კოსტიუმირებული წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენება და ბაზრობა. ღონისძიებების უმრავლესობა კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0