მერია ერთ თეთრსაც არ დახარჯავს! – კალაძე კონტრაქტორ კომპანიებს მიმართავს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIკახეთის გზატკეცილი
კახეთის გზატკეცილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია უკმაყოფილოა იმ გზის სარემონტო სამუშაოებით, რომელზეც ქალაქის ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარი გამოიყო.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა.

კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულიდან, ე.წ. ვარკეთილის ხიდების სარემონტო სამუშაოებით დაიწყო. გასული წლის განმავლობაში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, დამონტაჟდა LED-განათება.

კახეთის გზატკეცილი - Sputnik საქართველო
კახეთის გზატკეცილზე რეაბილიტაცია იწყება: მოძრაობის სქემა შეიცვალა

კალაძის სიტყვებით, პრობლემები მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სათადარიგო ზოლები მაქსიმალურად დაიტვირთა.

„ზოლების რეაბილიტაცია შარშან ჩატარდა და ჯამში 15 მილიონი დაჯდა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, ჭის თავების ირგვლივ არის სრული კატასტროფა! თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებისთვის თავიდან დახარჯავს ფულს, ძალიან ცდებიან... დედაქალაქის მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციაზე ", – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ბენდელიანს უმოკლეს დროში აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავალა.

„როგორც კი ცენტრალური გზის სამუშაოები დასრულდება, ეს გზა ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ საერთოდ პრობლემა არ იყოს და ამაზე არ უნდა დაგვჭირდეს კიდევ ყურადღების გამახვილება", – მიმართა კალაძემ ბენდელიანს.

კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც 20 ივლისს დაიწყო და დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი შეიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0