სიახლე გარემოვაჭრეებისთვის: 10 აგვისტოდან რომელ უბნებში იქნება ვაჭრობა ნებადართული

გამოწერა
თბილისის ათივე რაიონში გარევაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებზე გარემოვაჭრეები კვირაში 2-3 დღე ვაჭრობას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. 10 აგვისტოდან გარემოვაჭრეებს, რომლებსაც მეტროსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თითოეულ რაიონში სპეციალურ ტერიტორიას გამოუყოფენ, სადაც ისინი საკუთარი პროდუქციის რეალიზებას ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ქართული სუვენირები - Sputnik საქართველო
სიახლე გარემოვაჭრეებისთვის: სად და რამდენი დღე იქნება შესაძლებელი ვაჭრობა

დედაქალაქის მერის განცხადებით, გარევაჭრობა თბილისისთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს ძალზე უჭირთ, მათ დახმარება სჭირდებათ.

„რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს უკვე მივეცი დავალება, რათა მათ საკუთარ რაიონებში გამოყონ ადგილები, სადაც სწორედ ასეთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია უპრობლემოდ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე გაყიდონ“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, კომფორტულად მოწყობილ დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის ათივე რაიონში გარევაჭრობისთვის გამოყოფილია ადგილები და დამზადებულია დახლები, სადაც გარემოვაჭრეები კვირაში 2-3 დღე ვაჭრობას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.

ამასთანავე მერმა რაიონების გამგებლებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით მათი ინფორმირების მიზნით, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ დარეგისტრირდნენ.

თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარიდან 50 ლარამდე. გარევაჭრობის შეწყვეტის თაობაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ითვალისწინებს 50 ლარიდან 100 ლარამდე ჯარიმას ან 7 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0