სიახლე ტურისტებისთვის: „ჭრელი აბანო" და თოვლიანი ნომრები

გამოწერა
ტურისტებს შორის ქართული გოგირდის აბანოების პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ყველასთვის ცნობილ „ჭრელ აბანოში", რომელიც თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, სიახლე დაინერგა – სამეფო ნომერში ოთახია, რომელშიც ხელოვნური თოვლი მოდის, წერს გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა".

„ჭრელ აბანოს" რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2016 წელს გაიხსნა. იგი ტურისტებისთვის თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. აქ თავის დროზე ნამყოფი არიან ცნობილი მწერლები ალექსანდრე დიუმა და ალექსანდრე პუშკინი.

„სამეფო ნომერი რეკონსტრუქციამდე არ გვქონდა. შემდეგ დავამატეთ, რომლის მოცულობა საკმაოდ დიდია. სიახლეა ისიც, რომ სტუმრებს სამეფო ნომერში შეუძლიათ გამოიყენონ თოვლის ოთახი, სადაც ტემპერატურა მინუს 25 გრადუსს აღწევს. ჩვენ სპეციალურად ჩამოვიტანეთ შესაბამისი დანადგარი, რომლის დახმარებითაც თოვლს ვიღებთ. ნომერში თოვს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით", – განაცხადა აბანოს მენეჯერმა ალინა სოხაძემ.

ჭრელ აბანოში მოხვედრა არც ისე მარტივია. ნომრების დაჯავშნა რამდენიმე დღით ადრე, ზოგჯერ კი ერთი თვით ადრეც ხდება. ამასთან, ეს სიამოვნება არცთუ იაფია – ერთი საათი ნომრის ფასი 50-დან 500 ლარამდე მერყეობს.

ისტორიული უბანი თბილისში - Sputnik საქართველო
რატომ უნდა ეწვიოთ თბილისს: National Geographic-მა საიდუმლო გაამჟღავნა

სოხაძის სიტყვებით, ყველაზე ხშირად აბანოს რუსი ტურისტები სტუმრობენ. ინტერესი მთელი წლის განმავლობაში არ ნელდება, ცხელ დღეებშიც კი.

ცნობილი თბილისური გოგირდის აბანოები ძველ თბილისში კომპაქტურად მდებარეობს. სწორედ ამიტომ ადგილს აბანოთუბანი დაერქვა. აბანოების გაჩენას ხელი შეუწყო ამ მხარეში გოგირდიანი ცხელი წყაროების არსებობამ. თითოეული დღეს არსებული აბანოს აშენების თარიღი სხვადასხვაა და დაახლოებით XVII–XIX საუკუნეებით თარიღდება.

თბილისის გოგირდის აბანოები პოპულარულია არა მხოლოდ ტურისტებს შორის, ადგილობრივი მოსახლეობაც ძველებურად სიამოვნებით სარგებლობს მათი მომსახურებით, რადგან გოგირდის წყალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0