თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა

გამოწერა
1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს. ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები ტაქსების უფასოდ გადასაღებად სპეციალურ ვაუჩერებს მიიღებენ.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისში ტაქსების სტანდარტიზაციის პროცესი 1 მარტიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის მიერ ინიცირებული ტაქსების რეფორმის თანახმად, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს. ამასთან, მერიის ინიციატივით, მძღოლები, რომლებსაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აქვთ აღებული, ტაქსების უფასო გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერებს მიიღებენ. არსებობს სავალდებულო პირობაც – ავტომობილი ხუთკარიანი და მარცხენასაჭიანი უნდა იყოს.

 MAN–ის მარკის ავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისში ყვითელ ავტობუსებს მწვანე ავტობუსები ჩაანაცვლებს

„ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელსაც მეორე ეტაპს დავარქმევდი. ეს არის ავტომანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია. 1 მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, რაზეც ჩვენ აქამდე არაერთხელ გვისაუბრია. ერთია მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა ავტომანქანა გარეგან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი", – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის სიტყვებით, ტაქსის მფლობელები ვაუჩერების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე თბილისის მერიის შესაბამისი შეტყობინების სისტემის მეშვეობით არიან ინფორმირებული.

„ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ sms-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე, როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით", – აღნიშნეს თბილისის მერიაში.

უწყების ცნობით, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია მერიის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზეც taxi.tbilisi.gov.ge, სადაც მითითებულია მისამართები, თუ სად შეუძლიათ ტაქსის მძღოლებს ვაუჩერების მიღება.

მძღოლებს ვაუჩერებს თბილისის მერიის კონკურსში გამარჯვებული კომპანია Alma მიაწვდის, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსებს უფასოდ გადაღებავს ავტომობილებზე ორი წლის განმავლობაში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ.

6 თებერვლის მონაცემებით, დედაქალაქში ტაქსით მომსახურების 26,3 ათასზე მეტი ნებართვა გაიცა. 1 წლის განმავლობაში მგზავრების გადაყვანის ნებართვის ღირებულება 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომანქანებისთვის – 50 ლარი, ელექტრომობილების შემთხვევაში კი უფასოდ გაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0