თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკში 16 დეკემბერს პირველად ჩატარდება საახალწლო ფესტივალი „ქართული გემო", რომლის სტუმრებს ღვინო, ტკბილეული და ეროვნული სამზარეულოს კერძები ელოდებათ, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ფესტივალის მიზანია ქართული პროდუქციის – ღვინის, ჭაჭის, ჩურჩხელის, ასევე სხვა ადგილობრივი ტრადიციული ნუგბარის პოპულარიზება.
ფესტივალის სტუმრები შეძლებენ გემო გაუსინჯონ არა მხოლოდ ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციას, არამედ მონაწილეობა მიიღონ გოზინაყის მომზადებაში, დაესწრონ ხელნაკეთი დეკორატიული ნივთების მომზადებისა და ქართული საახალწლო სუფრის გაწყობის მასტერ-კლასებს.
ამას გარდა, პროფესიონალი მეღვინეები ისაუბრებენ, როგორ უნდა შევუხამოთ ღვინო კლასიკური ქართული სამზარეულოს კერძებს.
ფესტივალი დაიწყება 14:00 საათზე და 20:00 საათამდე გასტანს. შესრულდება ცოცხალი მუსიკა. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა მიმართონ ორგანიზატორებს.