11:06 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
ტაქსი თბილისში

უფასო შეღებვა, ქიმწმენდა, პარკირება, მანათობელი - შეღავათები ლიცენზირებული ტაქსისტებისთვის

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია–2018 (200)
37201

თბილისის მერია ლიცენზირებული ტაქსებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფასაც გეგმავს, სადაც ისინი პარკირებას უფასოდ შეძლებენ.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ტაქსის მძღოლებს, რომლებიც ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებენ, ავტომობილების გადაღებვა არც ერთი თეთრი არ დაუჯდებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდება და განხორციელდება ეტაპობრივად.

რეფორმა ორ ეტაპად იყოფა. ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ლიცენზიის აღებას გულისხმობს, 2018 წლის აგვისტოდან დაიწყო, რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. რეფორმის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება, განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიანი სტანდარტები და უსაფრთხოების ნორმები.

კერძოდ, რეგისტრაციის გავლას მომავალი წლიდან მხოლოდ თეთრი ავტომობილები შეძლებენ. ლიცენზიის გარეშე დარჩებიან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

„ტაქსის მფლობელებს, რომელთაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ აღებული, გავლილი აქვთ ტექდათვალიერება, მანქანა კი მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანია, გადავცემთ ვაუჩერს, რომ ავტომობილები თეთრად გადაღებონ, მათ ეს არ დაუჯდებათ არც ერთი თეთრი", – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, მძღოლებს, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, უფასო ვაუჩერები მანქანის შესაღებად და სალონის ქიმიური წმენდისთვისაც გადაეცემათ.

კალაძის თქმით, აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია გადასცემს, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.

თბილისის მერია ლიცენზირებული ტაქსებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფასაც გეგმავს, სადაც ისინი პარკირებას უფასოდ შეძლებენ.

„დღეის მდგომარეობით შერჩეულია 60-ზე მეტი ადგილი, ჯამში 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწერება ჯარიმები. ტაქსის მძღოლები ამ ადგილებით ისარგებლებენ უფასოდ",- აღნიშნა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლებისთვის ტაქსის მანათობლის უფასოდ დარიგების შესახებ, თუმცა, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში მისი შეძენა მძღოლს უკვე თავად მოუწევს. მანათობელის ფასი ჯერჯერობით უცნობია.

სპეციალური ნებართვის აღება ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ და მისი ღირებულება100 ლარს შეადგენს (ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში რეგისტრაცია 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასოა).

ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლი ვალდებულია დოკუმენტი ავტომობილის სალონში თვალსაჩინო ადგილზე მოათავსოს და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. რეგისტრაციის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში კი ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება. მონიტორინგზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიცია და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ჯგუფები არიან.

ნებართვის მისაღებად აუცილებელია ელექტრონული განცხადების შევსება ვებ-გვერდზე (taxi.tbilisi.gov.ge), სადაც მოცემულია სარეგისტრაციო ფორმა, რომელსაც ნებართვის მაძიებელი ავსებს. ასევე, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ გამგეობებს და იუსტიციის სახლს, სადაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

ამ დროისთვის ლიცენზია 12,4 ათასზე მეტმა მძღოლმა აიღო. დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს.

თემები:
თბილისის მერია–2018 (200)

მთავარი თემები