XIX საუკუნის მიტოვებული სახლი ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობად აქციეს

© FB / Tbilisi Development Fundშალვა დადიანის ქუჩაზე აღდგენილი სახლი (XIX საუკუნე)
შალვა დადიანის ქუჩაზე აღდგენილი სახლი (XIX საუკუნე) - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში პროექტ „ახალი ტფილისის“ წყალობით კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა გაჩნდა

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თბილისის ისტორიულ ცენტრში, XIX საუკუნეში აშენებულ უნიკალურ სახლს პირვანდელი სახე დაუბრუნეს, ნათქვამია თბილისის განვითარების ფონდის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სახლი მდებარეობს შალვა დადიანის ქუჩაზე, N34-ში. 

უძველესი ხმლები თბილისში გათხრების დროს აღმოაჩინეს >>

შენობა მორთულია მრგვალი მოჩუქურთმებული ხის აივნით, რომელიც თბილისის ძველი სახლებისთვის არის დამახასიათებელი. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, გაიწმინდა მიწით სავსე სარდაფი, აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მის დეკორატიულ ელემენტებს; ხის დაზიანებული დეტალები ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით შეიცვალა, კეთილმოეწყო ეზო და ჩატარდა შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები.

ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,3 მლნ ლარი გამოიყო.

რესტავრაციის შემდეგ სახლის მობინადრეების საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა და უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა.

თბილისის მერიამ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად 2016 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი თბილისის" განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, აღდგება ტერიტორია „დინამო არენას“ სტადიონიდან მშრალ ხიდამდე და ვერის ბაღიდან რიყემდე. პროექტის პირველ ეტაპზე აღდგენილია აღმაშენებლის გამზირის ნაწილი და მშრალი ხიდის ტერიტორია, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცნენ.


ყველა ახალი ამბავი
0