თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას საერთაშორისო ორგანიზაციები შეაფასებენ

გამოწერა
თბილისის განვითარების გეგმას შეაფასებენ მსოფლიო ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და საერთაშორისო კომპანია Buro Happold-ის სპეციალისტები

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს თხოვნით მიმართა, ჩაერთონ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტის შეფასების პროცესში, განაცხადა ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კომპანია City Institute Georgia-მ თბილისის გენგეგმის შემუშავებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, ხოლო დოკუმენტი მან 2017 წლის ივნისში წარმოადგინა. იანვრის შუა რიცხვებში კომპანიამ მერიას დოკუმენტის სრულყოფისთვის დამატებით თვენახევარიანი ვადა სთხოვა. უწყებამ კომპანიას დრო მისცა შეცდომების გასწორებისთვის, რომლებიც ეხება ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს.

„დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია City Institute-მა 45-დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც თბილისის მერიამ თანხმობა განაცხადა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსებობა და მიღება. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართვა City Institute-ის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შეფასების პროცესში", — განაცხადა კალაძემ.

საცობები გზაზე პიკის საათში - Sputnik საქართველო
თბილისის ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

კალაძის თქმით, კონსულტაციების შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას თბილისის მერიასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის.

შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია Buro Happold-მა მზადყოფნა გამოთქვეს, ჩართონ ექსპერტები გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში.

„ჩვენ ასევე დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისი სამსახურებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის და დოკუმენტის შეფასებაში მონაწილეობის მიღებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე", — აღნიშნა კალაძემ.

ასევე მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს, რამდენად იქნება გათვალისწინებული თბილისის მერიის შენიშვნები City Institute-ის მიმართ, რომლებიც ეხება ტრანსპორტს, ურბანულ განვითარებას, არქიტექტურას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, ეკოლოგიასა და ეკონომიკურ სარგებელს.

„თბილისის მერია უზრუნველყოფს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციისა და შესაბამისი ექსპერტის ინფორმირებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციას მივაწვდით მათ", — განაცხადა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, აღნიშნული შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უკვე ამ კვირაში გაიმართება.

ახალი ლურჯი ავტობუსი თბილისის ქუჩაზე - Sputnik საქართველო
თბილისის ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატება

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის გრძელვადიანი განვითარება და, რაც ყველაზე მთავარია, სწორი განვითარება", — განაცხადა კალაძემ.

გენგეგმის შექმნა ქალაქს 2,8 მილიონი ლარი უჯდება.

მიწათსარგებლობის გენგეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც სხვადასხვა საკითხს მოიცავს: განაშენიანების გეგმაზომიერი და სტაბილური განვითარება, ეკონომიკის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური ძეგლების შენარჩუნება და მოვლა.

შემუშავებული პროექტი საჯაროდ განიხილეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად, მათ შორის, არქიტექტორთა კავშირში, მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს უნივერსიტეტებში.

ყველა ახალი ამბავი
0