თბილისის მერი „სითი ინსტიტუტს" გენგეგმის წარმოდგენის გონივრულ ვადას აძლევს

© FB / Kakha Kaladzeთბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა 2030 წლამდე თბილისის მთავრობის სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდება.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტს" დღის ბოლომდე მისცა შესაძლებლობა, დაასახელოს დედაქალაქის გენგეგმის სრულყოფილი დოკუმენტის წარდგენის გონივრული ვადა.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესამუშავებლად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი – საქართველოს" შორის ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა, თუმცა ქალაქის განვითარების დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია.

თბილისი - Sputnik საქართველო
ურბანული გენოციდი და „მომავლის ქალაქის“ ხედები...

„მოსახლეობას დავპირდით, რომ შევიმუშავებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას", — განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მერის თქმით, მიწათსარგებლობის გენგეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც სხვადასხვა საკითხისგან შედგება: განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური ძეგლების შენარჩუნება და მოვლა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გენგეგმის ფარგლებში განხორციელებულია გარკვეული სახის სამუშაოები, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დასრულებული და მოთხოვნილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

ხელშეკრულების თანახმად, თბილისის მთავრობას დღეს ეწურება ვადა, რათა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია "სითი ინსტიტუტის" მიერ შემუშავებულ გენერალური გეგმის დასკვნით დოკუმენტს.

„ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი. კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას", – აღნიშნა თბილისის მერმა.

„სითი ინსტიტუტმა" თბილისის გენერალური გეგმის მოსამზადებლად მუშაობა 2015 წელს დაიწყო. დოკუმენტის შესაქმნელად მერიამ ორგანიზაციას 2 800 000 ლარი გამოუყო. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ დოკუმენტი ქალაქის მთავრობას მიმდინარე 2017 წლის აპრილში უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ის ამ დრომდე არ არის მიღებული.

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა, მას შემდეგ, რაც პროექტს დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებს, 2030 წლამდე თბილისის მთავრობის სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდება და მასზე გავლენას თვითმმართველობის ვერც ერთი არჩევნები ვერ მოახდენს.

ყველა ახალი ამბავი
0