22:14 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1624)
38310

ახალი სერვისი მერიას დასახული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ ახალ პროექტზე – „შენი იდეა ქალაქის მერს" – მუშაობა დაიწყო, რომლის მთავარი ამოცანაა ქალაქის განვითარებაში რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გამართული დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს… მინდა ასეთი სერვისი შევთავაზოთ — „შენი იდეა ქალაქის მერს“. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. უამრავი ხედვა და პროექტი არსებობს და თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ ამ კონკრეტულ პლატფორმაზე, მოგვაწოდოთ თქვენი იდეა და შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებით“, – მიმართა შეკრებილ ახალგაზრდებს თბილისის მერმა, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს–სამსახური.

კახა კალაძე ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, ასევე ამ მიმართულებით მერიის პროექტებზე ესაუბრა.

„მერიას მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გავხსნათ, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები იქნება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა“, – აღნიშნა მერმა.

ეს საკრებულოში გამართული პირველი დემოგრაფიული ფორუმი იყო, რომელსაც თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ. 

დედაქალაქის ახალი მერი მუშაობას ამა წლის 12 ნოემბერს შეუდგა და თბილისელებს უკვე რამდენიმე საინტერესო გეგმა და პროექტი წარუდგინა. ქალაქის ახალი მთავრობის პირველივე სხდომაზე კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიზნით სამუშაოების დაწყება დაავალა.

მერიაში აცხადებენ, რომ რეფორმების ძირითადი ამოცანაა ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის მერიის ყველა სერვისის ხელმისაწვდომობა.

 

 

 

თემები:
თბილისი დღეს (1624)

მთავარი თემები