სროლა საგარეჯოში: ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა ისევ მძიმეა

© AP Photo / Mosa'ab Elshamyპაციენტი კლინიკაში
პაციენტი კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
ამ დროისათვის „ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი დაჭრილი მკურნალობს.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 24 წლის გიორგი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დანაშაულის მოტივი ჯერ ისევ უცნობია.
ამ დროისათვის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობას სამი ადამიანი აგრძელებს. მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ორ-სამ დღეში გაწერენ.
რაც შეეხება კიკნაძეს, იგი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. თუმცა, ექიმების თქმით, გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა.
შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულებს დღეს, 24 იანვარს დაკრძალავენ. უფროს ლეიტენანტ ოთარ ღვინაშვილს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს დაიღუპა, მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ზაქრო მათიაშვილს სოფელ გაღმა უბანში, დავით ნასრაძეს საგარეჯოში, ნოდარ რჩეულიშვილს კი თბილისში დაკრძალავენ. კიდევ ერთი დაღუპულის, ზაზა ჩიხლაძის დაკრძალვის ცერემონია ხუთშაბათს, 26 იანვარს გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი საგარეჯოში დაღუპული პოლიციელის პანაშვიდს დაესწრო>>>
გუშინ ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, იკითხებიან მოწმეები.
გამოძიების ცნობით, ხუთშაბათს, გვიან საღამოს 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. თავად ბრალდებულმა შემდეგ თავი მოიკლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0