ოთარ შამუგია - ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgiaქართული ღვინის შემოწმება ლაბორატორიაში
ქართული ღვინის შემოწმება ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის ლაბორატორია მოინახულა და უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა დაათვალიერა.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართული ღვინის იმიჯი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის მონახულებისას.
ლაბორატორიაში ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმყოფებოდნენ, სადაც უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

„ქართული ღვინის იმიჯი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება. გაზრდილი ექსპორტის პირობებში ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, ძლიერდება ღვინის ლაბორატორიის შესაძლებლობები“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, უწყებამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები და რეფორმები განახორციელა მეღვინეობა-მევენახეობის დარგში. შესაბამისად, გაიზარდა როგორც ვენახების ფართობი, ასევე ღვინის წარმოება, იზრდება ექსპორტის მაჩვენებლები, შეიქმნა ათეულობით ახალი თანამედროვე საწარმო, აღნიშნა შამუგიამ.
მისი თქმით, ამავდროულად მნიშვნელოვანია ხარისხზე ზრუნვა და ამას დიდი ყურადღება ექცევა. წელს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით – უკვე 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა საქართველოში წარმოებული და მომხმარებლისთვის მიწოდებული ღვინის სერტიფიცირება. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ღვინის კონტროლის გაუმჯობესების კუთხით.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება – წარმატებული ღვინის ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს კვლევებს. ჩვენს სისტემაში არსებული ღვინის ლაბორატორია ბოლო პერიოდში აღიჭურვა დამატებითი თანამედროვე ტექნიკით. ლაბორატორია ემსახურება ჩვენს მეწარმეებს, ვითარდება და აკეთებს შესაბამის კვლევებს, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის კონტროლისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ქართული ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით „ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია“ ყურძნისა და ყურძნისეული პროდუქტების გამოცდას ახორციელებს სხვადასხვა სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის": ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>
როგორც ლაბორატორიის დირექტორმა თინათინ ჯაჯანიძემ აღნიშნა, ხარისხის კონტროლის გაძლიერებისა და კვლევების საერთაშორისო დონეზე ჩატარების მიზნით ლაბორატორია აღიჭურვა უახლესი ძვირადღირებული აპარატურით, რაც უზრუნველყოფს მძიმე მეტალებზე დიდი წარმადობით ანალიზის ჩატარებას, ასევე სპირტების ანალიზის წარმადობის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიას მრავალწიანი თანამშრომლობა აქვს ავსტრიულ კომპანიასთან Anton Paar. საექსპერიმენტო სამუშაოების ჩატარების მიზნით ავსტრიულმა მხარემ ლაბორატორიას გადასცა ხელსაწყო, რომელიც დაახლოებით 1 წუთში საზღვრავს ღვინის და/ან ბადაგის ნიმუშის 15 ძირითად პარამეტრს. ასევე ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის იზოტოპების თანაფარდობის განსაზღვრა, რაც ზოგიერთი დიდი ბაზრის მქონე ქვეყნის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, აღნიშნავენ სამინისტროში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0