საკვების მწარმოებლები ვალდებული იქნებიან კონტროლის სისტემა დანერგონ

© photo: Sputnik / Stringerპურის ფესტივალი თბილისში
პურის ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
სიახლე შეეხება საკონდიტრო ნაწარმის, ჩურჩხელის, კონსერვებისა და სხვა პროდუქტების მწარმოებლებს.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნეს-ოპერატორი ვალდებული იქნება, 2023 წლის 1 ივნისამდე საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს, ნათქვამია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საწარმოებში ხარისხის ამ სისტემის დანერგვა საკვები პროდუქტების წარმოებისას უსაფრთხოების კონტროლის უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. სისტემა საშუალებას იძლევა, შეიქმნას და განისაზღვროს პერსონალის შრომის პირობები, აღჭურვილობა, ნედლეული, სამუშაო გარემო, დასუფთავების პირობები, რაც აუცილებელია ჯანსაღი საკვების წარმოებისთვის პროდუქტების მწარმოებელ საწარმოებში.
სიახლე შეეხება შემდეგ საწარმოებს:
სასურსათო მაღაზია, მარკეტი; თაფლის რეალიზაცია; ნახევარფაბრიკატების რეალიზაცია; ბავშვთა კვების წარმოება, რეალიზაცია, რძითა და რძის პროდუქტებით ვაჭრობა, ხილ-ბოსტნეულის რეალიზაცია;
აგრარული ბაზარი; დახლზე ვაჭრობა, ხორცის რეალიზაცია;
ბადაგისა და ჩურჩხელის წარმოება;
კვების პროდუქტების შენახვა, შეფუთვა, დაფასოება;
მცენარეული ცხიმის, მაიონეზის, ზეთის, მარგარინის წარმოება;
საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ნიგვზის, თხილის, მზესუმზირის და მისთანების გადამუშავება, რეალიზაცია;
პურ-ფუნთუშეულის წარმოება, ფქვილოვანი პროდუქციის წარმოება, პურის საცხობი, თონე, არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, ბურბუშელას წარმოება, ფქვილის, ბურღულეულის წარმოება, მარცვლეულის, ფქვილის რეალიზაცია, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, პურის დისტრიბუცია, პურ-ფუნთუშეულით ვაჭრობა, საკონდიტრო წარმოება, შოკოლადის წარმოება, წისქვილი;
საკონსერვო წარმოება;
სუნელ-სანელებლების წარმოება, დაფასოება, შენახვა, რეალიზაცია; საკვებდანამატების წარმოება, შენახვა, რეალიზაცია; აჯიკის, მდოგვის, სვანური მარილის წარმოება, დაფნის ფოთლის წარმოება, რეალიზაცია;
უალკოჰოლო სასმელების, ბოთლის სასმელი წყლის წარმოება, ყავის და ჩაის გადამუშავება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება;
შაქრის, მარილის წარმოება;
გამომშრალი ხილის წარმოება, ჩიფსის წარმოება.
სხვადასხვა პროფილის ბიზნეს-ოპერატორების მიერ HACCP-ის სისტემის დანერგვას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ითვალისწინებს. სისტემის დანერგვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
HACCP-ის წესებით მუშაობა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის თერმულად გადამამუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის; 2019 წლიდან – ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამამზადებლებისთვის; 2021 წლის იანვრიდან – ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამამუშავებლებისთვის; 2021 წლის ივნისიდან – სურსათის წარმოება/გადამამუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0