შუახნის კრიზისის სიმძიმე: სიმპტომები და გადალახვის გზები

© Pixabay / geraltსტრესი
სტრესი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
გარკვეული ასაკობრივი ზღვრის გადალახვის შემდეგ ადამიანი შუახნის კრიზისისთვის მზადებას იწყებს, რაც ბევრს აუტანელ ტანჯვად და უსიამოვნო სიბერედ წარმოუდგენია.
შუახნის კრიზისი − ეს არის ემოციური მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი 30-50 წლის ასაკში განიცდის. ყველაზე ხშირად ის დაკავშირებულია ცხოვრებისეული გამოცდილების გადაფასებასთან, როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ უამრავი შანსი და ოცნება გაუშვა ხელიდან, სიბერე კი უკვე ახლოსაა.
ამგვარი კრიზისი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ასაკში იწყება − ყველაფერი ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
შუახნის კრიზისის მიზეზი, როგორც ამას კვლევები აჩვენებს, შეიძლება იყოს ბედნიერების განცდის ვარდნა დაახლოებით 40 წლის ასაკში. მეცნიერების თქმით, ეს განცდა კვლავ იწყებს ზრდას 50 წლიდან, რასაც 500 ათასი კაცის გამოკითხვა ადასტურებს. გამოკითხული 60 წლის ადამიანები აცხადებდნენ, რომ ცხოვრებაში არასდროს ყოფილან ასეთი ბედნიერები, ხოლო 40 წლისანი ძალიან უბედურებად გრძნობდნენ თავს.
როგორც ფსიქოთერაპევტები ამბობენ, ადამიანს შუახნის კრიზისი აქვს, თუ:
უჩნდება ფიზიკური ფორმისა და გარეგნობის გაუმჯობესების სურვილი;
უჩნდება აქტიური მოძრაობის სურვილი (სირბილი, ველოსიპედით სიარული, ცეკვა, ექსტრემალური სპორტი);
რაციონში მკვეთრი ცვლილებები შეაქვს, იცავს დიეტებს და იწყებს ვიტამინებისა თუ „ბადების“ მიღებას;
იძენს ახალ ტანსაცმელს და მეტ დროს უთმობს გარეგნობას;
იცვლის ვარცხნილობას, იღებავს თმას;
მკვეთრად იცვლის სოციალურ წრეს, რომელსაც უფრო დაბალი ასაკის ადამიანებით ავსებს;
ეუფლება უკმაყოფილების განცდა საკუთარი მიღწევებით;
ადარებს თავს სხვებს, რომლებმაც უფრო მეტს მიაღწიეს;
ბეზრდება ის, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა;
უჩნდება კარიერის მიტოვების სურვილი;
ხდება გაღიზიანებული, ემართება მრისხანების მოულოდნელი შეტევები;
იღლება უფრო სწრაფად, უჩნდება მეხსიერების პრობლემები, ახალი დაავადებები, თავს იჩენს მავნე ჩვევების შედეგები;
სძინავს ან უფრო მეტხანს, ან უფრო ცოტა ხანს;
ხდება სტრესების მიმართ უფრო მეტად მოწყვლადი;
ეცვლება მუსიკალური გემოვნება და შესაძლოა რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლაც მოისურვოს;
მოულოდნელად ინტერესდება რელიგიით ან ფილოსოფიით;
ხშირად ფიქრობს სიკვდილზე, მსჯელობს მის ბუნებაზე;
ცდილობს ახალი სიცოცხლე შესძინოს ძველ ნივთებს;
ხშირად იხსნებს ბავშვობას;
წუხს მომავალზე.
სპეციალისტებმა კვლევებისა და დაკვირვებების საფუძველზე რამდენიმე რეკომენდაცია შეიმშავეს, თუ როგორ უნდა გადაილახოს შუახნის კრიზისი ისე, რომ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები არ შეექმნას.
შინაგანი განწყობა და გარეგნობა
ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს ბოლო დროს სულ უფრო ხშირად უსვამენ შეკითხვას: როგორ შეიძლება, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ?
უნდა გახსოვდეთ, რომ გარეგნული ცვლილებები მხოლოდ ასაკის კი არა, შეიძლება ცუდი ეკოლოგიის, დაძაბული მუშაობისა თუ სტრესების ბრალიც იყოს. ამიტომ ამ ცვლილებებს მაინცდამაინც წლოვანებას ნუ მიაწერთ. შეინარჩუნეთ გონებრივი აქტივობა: ენთუზიაზმი და პოზიტიური შინაგანი განწყობა კარგ გავლენას ახდენს გარეგნობაზე.
იზრუნეთ საკუთარ თავზე
მოძებნეთ გზები სტრესის შესამცირებლად − იქნება ეს ახლობლებისთვის თქვენი განცდების გაზიარება, თუ სტრესების მართვის ტექნიკის გამოყენება, როგორებიცაა მედიტაცია ან გააზრებული სუნთქვა. მოუარეთ თავს, იკვებეთ ჯანსაღად და იძინეთ საკმარისი რაოდენობით.
დააკვირდით ჯანმრთელობას
ესაუბრეთ მკურნალ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რა არის ნორმალური თქვენს მდგომარეობაში, ხომ არ გაქვთ დეპრესია ან შფოთვები. ასეთი კონსულტაცია უარყოფით ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
ავარჯიშეთ ტვინი
ასაკი ასევე ვლინდება ძლიერი დაღლილობითა თუ გულმავიწყობით. დროთა განმავლობაში ტვინი კარგავს ახალ სიტუაციებთან ადაპტაციის უნარს. ეცადეთ გაამრავალფეროვნოთ ცხოვრების ჩვეული მდინარება: შეცვალოთ სამსახურისკენ მიმავალი მარშრუტი, უარი თქვით ავტომობილზე, უფრო ხშირად იარეთ ფეხით და მოაწყეთ საინტერესო ღონისძიებები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
გარდა ამისა, ხშირად იანგარიშეთ კალკულატორის გარეშე, ზეპირად მიუმატეთ–გამოაკელით, გაამრავლეთ–გაყავით ციფრები გონებაში. კარგი იქნება, თუ მობილურში ჩანაწერების იმედად კი არ იქნებით, არამედ შეეცდებით ზეპირად დაიმახსოვროთ ნომრები, მნიშვნელოვანი თარიღები და შესასრულებელი საქმეების ჩამონათვალი.
მიიღეთ ახალი ემოციები
ფსიქოლოგების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რჩევა მოგზაურობაა. ზოგჯერ უცნობ ქალაქში ან ქვეყანაში გატარებულმა ერთმა კვირამ შეიძლება უფრო მეტი კარგი ემოცია შეგძინოთ, ვიდრე ერთი წლის ზომიერმა ცხოვრებამ.
მაგრამ ახალი შეგრძნებების საძიებლად უცხო ქვეყნებში მოგზაურობას ყველა ვერ ახერხებს. ასეთებს ემოციების მიღებაში და ნეირონული კავშირების შექმნაში აქამდე უცნობი გემოები და სუნები დაეხმარება. დააგემოვნეთ ახალი კერძები ან შეიძინეთ უჩვეულო სუნამო. გარდა ამისა, შეგიძლიათ დასვენების დღეები ახალი ჰობით გაიმრავალფეროვნოთ.
გამოხატეთ მადლიერება
მოძებნეთ დრო და გამოხატეთ მადლიერება თქვენი ცხოვრების იმ მომენტებისთვის, რომლებიც გაბედნიერებთ. ფსიქოლოგები საამისოდ ძალიან კარგ მეთოდად მიიჩნევენ დღიურში ყველაფერ იმის ჩაწერას, რისთვისაც ცხოვრებას ემადლიერებით. მერე კი დროდადრო გადაშალეთ დღიური და წაიკითხეთ ეს ჩანაწერები.
იმსჯელეთ საკუთარ ემოციებზე
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ერთადერთი არ ხართ, ვინც შუახნის კრიზისს განიცდის. სხვებთან საკუთარ განცდებსა და შეგრძნებებზე საუბარი მართლაც ძალიან დაგეხმარებათ, განსაკუთრებით ისეთებთან, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ ეს მდგომარეობა.
გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე თქვენთვის სანდო ადამიანს გაესაუბრებით. ერთგულ მეგობარსა თუ ფსიქოლოგს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს თქვენი არჩევანის სისწორის შესახებ.
ჩაიტარეთ თვითანალიზი
შეეცადეთ გაიგოთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რაზე ხარჯავთ დროსა და ენერგიას. გაარკვიეთ, რა გაცლით ენერგიას მისი შევსების ნაცვლად. ამ პროცესს შესაძლოა ურთიერთობების გადაწყობა მოჰყვეს, ანუ ტოქსიკური ადამიანების ჩამოშორება და ახალი მეგობრების შეძენა.
ნუ ინერვიულებთ და ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმისთვის, რომ ინტროსპექცია მოაწყვეთ − ანუ საკუთარ თავში იქექეთ. გააცნობიერეთ, რომ საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების კვლევა უბრალოდ აუცილებელია.

როდის მივმართოთ ექიმს

ზოგჯერ შუახნის კრიზისის მშვიდად გავლას პროფესიონალის დახმარება არ სჭირდება − საამისოდ იმ რჩევების გათვალისწინებაც კმარა, რომლებიც ზემოთ შემოგთავაზეთ.
თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა უსიამოვნო სიმპტომები უკვე სერიოზულად აუარესებს ადამიანის მდგომარეობას და მაშინ ჯობს საქმეში სპეციალისტი ჩაერიოს.
ექიმის ან ფსიქოლოგის დახმარება საჭიროა, თუ:
ემოციური სტრესი აუარესებს ძილს ან გავლენას ახდენს მადაზე;
ადამიანი ვერ ახერხებს სამუშაოზე კონცენტრირებას;
ცუდი განწყობა გავლენას ახდენს ახლობლებთან ურთიერთობებზე;
ადამიანი კარგავს ინტერესს გართობისა და გატაცებების მიმართ;
ასაკთან დაკავშირებული შინაგანი რყევებიდან გამომდინარე, ფიქრობს სერიოზულ ცხოვრებისეულ ცვლილებებზე − განქორწინებაზე, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლაზე, კარიერის მიტოვებაზე და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0