რუსეთის დუმამ სამხედრო ტყვეების დახვრეტაზე განცხადება მიიღო

© photo: Sputnik / Alexander Astafyev
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო განცხადება უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შესახებ, რომლითაც რუსი დეპუტატები მოუწოდებენ დასავლეთის ქვეყნებს, „დაგმონ კიევის რეჟიმის დანაშაული“, იუწყება სახელმწიფო სათათბიროს პრეს-სამსახური.

„სახელმწიფო დუმის დეპუტატები მოუწოდებენ მსოფლიოს სახელმწიფოების პარლამენტებს, ცალსახად დაგმონ კიევის რეჟიმის დანაშაულები, ხელი შეუწყონ არაადამიანური მკვლელობის უშუალო შემსრულებლებისა და მათი მფარველების პასუხისგებაში მიცემას“, — ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადების პროექტი სათათბიროში 21 ნოემბერს შევიდა. მასში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების დახვრეტის ვიდეოკადრები, რომლებიც მანამდე Telegram-არხებით გავრცელდა, „უკრაინის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა“, მათ შორის ჟენევის კონვენციისა, რომელიც სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას შეეხება.
18 ნოემბერს Telegram-არხებით გავრცელდა ორი ვიდეო, რომელთაგან პირველზე რუსული სამხედრო ფორმიანი დახვრეტილი ჯარისკაცები არიან აღბეჭდილი, მეორეზე კი ჩანს, როგორ წვება მიწაზე ათამდე რუსულფორმიანი ჯარისკაცი უკრაინულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების ბრძანებით. გამოცემა New York Times-მა ვიდეო ნამდვილად მიიჩნია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭომ და რუსეთში ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა საერთაშორისო ორგანიზაციებს — გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, Amnesty International-ს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და სხვებს მიმართეს და გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.
ამ დროისათვის გავრცელებულ ჩანაწერებს უკვე სწავლობს გაერო. თავის მხრივ, კიევიც აცხადებს, რომ ვიდეოებს უკრაინელი სპეციალისტებიც შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0