მოსაზრება: ისტორიული მომენტი - ნატო დაიბზარა

© AP Photo / Vadim Ghirda
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
რენატ აბდულინი
პოლონეთში მომხდარი სარაკეტო ინციდენტის წინააღმდეგობრივი შეფასებების ფონზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკას პრობლემა შეექმნა. აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანება უკავშირდება სერიოზულ დათმობებს. ხელმძღვანელობის დამდეგმა შეცვლამ კი გამოავლინა ფუნდამენტური აზრთა სხვადასხვაობა მოკავშირეებს შორის.

თურქეთი წყვეტს

შვედეთის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება ტერორიზმთან ბრძოლის ზომების გამკაცრების თაობაზე. მაგრამ არა საკუთარი სურვილით.
ამას ითხოვდა თურქეთი, რომელმაც დაბლოკა შვედეთისა და ფინეთის განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ. ანკარა უკმაყოფილოა იმით, რომ სტოკჰოლმი მხარს უჭერს ქურთებს. მართლაც, მათი სათვისტომო შვედეთში საკმაოდ გავლენიანია და წარმომადგენლობა ჰყავს მთავრობაშიც. ფინელების მიმართ ნაკლები პრეტენზია აქვთ, მაგრამ ვინაიდან აქამდე ნეიტრალურმა სკანდინავიელებმა გადაწყვიტეს ბლოკში წყვილად გაწევრიანება, ჰელსინკისაც შეექმნა დაბრკოლება.
შვედეთის 349-ადგილიან პარლამენტში 278 ხმით მიღებული შესწორება საკმაოდ არამკაფიოა. საუბარია ისეთი კანონების მიღების შესაძლებლობაზე, რომლებიც „ზღუდავს ასოციაციების თავისუფლებას, თუ ისინი ტერორიზმში მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ მას“.
ამის მიუხედავად, ერთი კვირის წინ ანკარაში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ამას სერიოზული გარღვევა უწოდა. „შვედეთი გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს ტერორიზმთან ბრძოლის ძალას შემატებს“, - განაცხადა მან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანტიტერორისტულ ცვლილებებს იხილავდნენ ჯერ კიდევ წინა მემარცხენე მთავრობის დროს, აპრილში. რეფორმა არ გატარდა. ახლა კი მხოლოდ მემარცხენე, ოპოზიციაში გადასულმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი შესწორებებს. თუმცა მისი ხმები საკმარისი არ აღმოჩნდა. ცვლილებები 1 იანვრიდან ამოქმედდება. თურქეთის გარდა, სკანდინავიის განაცხადების რატიფიცირებას არც უნგრეთში დაუჭირეს მხარი.

ბუდაპეშტი ფეხს ითრევს

თუ ანკარა ითხოვს, რომ შვედეთიდან ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქურთები გააძევონ, უნგრეთს უფრო კონკრეტული პრეტენზიები აქვს. იქ დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან ანტირუსულ სანქციებს, ერთმნიშვნელოვნად უკრაინის მხარეს არ იჭერენ, ამუხრუჭებენ მრავალმილიარდიან ფინანსურ ტრანშებს კიევისთვის და ზოგადად პარტნიორებს ბევრ პრობლემას უქმნიან.
ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები უნგრეთსა და თურქეთს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ მათ განაცხადებს. კრისტერსონმა აღნიშნა: სტოკჰოლმი „პატივსა სცემს იმას, რომ ყოველი ქვეყანა ალიანსის ფარგლებში თავად იღებს გადაწყვეტილებებს“, მაგრამ წინა მემარცხენე მთავრობამ ნაწილობრივ უკვე შეასრულა თურქეთთან ზაფხულის მემორანდუმის პირობები და გააუქმა ემბარგო იარაღის მიწოდებაზე და დაბლოკა ფინანსური და სხვა სახის დახმარება სირიაში ქურთთა დაჯგუფებებისთვის.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სტოკჰოლმში მემარჯვენე ცენტრისტულ მინისტრთა კაბინეტს უფრო გაუადვილდება ანკარასთან საერთო ენის გამონახვა. ეს ირიბად საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრემმაც დაადასტურა. მისი სიტყვებით, მმართველ კოალიციას „ნაკლები ტვირთი“ აქვს ქურთების საკითხზე, მისი წინამორბედი ან ლინდე კი ქურთების საჯარო მხარდაჭერით მხოლოდ ართულებდა თურქეთთან მოლაპარაკებას.
ბუდაპეშტიდანაც წამოვიდა პოზიტიური სიგნალები. მთავრობამ ნაციონალურ კრებას წარუდგინა რატიფიკაციის შესახებ საბუთები. აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გერგელი გულიაშმა.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც - დათქმებით. ჯერ კიდევ განსახილველია საკითხი, შეესატყვისება თუ არა ნატოს გაფართოება უნგრეთის ინტერესებს, დააზუსტა პრემიერმა.

შვედეთის პრეცედენტი მოლდავეთისთვის

ნოემბრის ბოლოს რუმინეთში გაიმართა ნატოს სამიტი, სადაც მიიწვიეს უკრაინაც, საქართველოც და მოლდავეთიც. კიევისა და თბილისისთვის ბლოკში გაწევრიანება - სტრატეგიული მიზანია. კიშინიოვის საკითხი უფრო რთულადაა. მოლდავეთის კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, „რესპუბლიკა აღიარებს მუდმივ ნეიტრალიტეტს“ და „არ უშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების განთავსებას“.
ამასთან, მოლდავეთმა ჯერ კიდევ 16 წლის წინ მოაწერა ხელი ნატოსთან „პარტნიორობის ინდივიდუალურ გეგმას“. ეს არ არის რუტინული შეთანხმება, არამედ ალიანსის გზაზე მეორე ნაბიჯია, რომელსაც მოსდევს „დაჩქარებული დიალოგის“ ეტაპი და ფაქტობრივად ფინალური „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“.
ნატოსთვის ნებისმიერი კანონის შეცვლა შეიძლება, მათ შორის, კონსტიტუციისაც. თუმცა ბოლო სიტყვა ალიანსის ხელმძღვანელობას ეკუთვნის, სადაც ასევე ცვლილებებია მოსალოდნელი.

ბრძოლა ლიდერობისთვის

ალიანსის ამჟამინდელი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთ წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი. ამერიკული მასმედიის წყაროების მონაცემებით, მოკავშირეებს შორის ამ პოსტისთვის სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული.
ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ 54 წლის ქრისტია ფრილენდს - კანადის ფინანსთა მინისტრს, რომელსაც უკრაინული ფესვები აქვს.
ფრილენდი არის ყოფილი ჟურნალისტი (მისი მეუღლე ავტორიტეტული გამოცემის The New York Times-ის რეპორტიორია), იყო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი. აქვს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება, ფლობს ხუთ ენას (ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, უკრაინულსა და რუსულს). ამასთან - ქალბატონია. დღეს კი ეს დიდი უპირატესობაა. დასავლეთის ქვეყნებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების მოსვლის შემდეგ ნატოშიც ფიქრობენ გენდერული ბალანსის დაცვას.
აშშ, რომელიც დე-ფაქტო ხელმძღვანელობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, კანდიდატს არ აყენებს. მათი გენერალი ისედაც უმაღლესი მთავარსარდალია ევროპაში. ვაშინგტონი ფსონს დებს ლოიალურ ჩრდილოელ მეზობლებზე.
ამავდროულად ევროკავშირს თავისი გენერალური მდივანი სურს. არც არის გასაკვირი: ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 21 - ევროპულია. შვედეთისა და ფინეთის ჩათვლით კი - 32-იდან - 23.
ევროპაშიც არის რამდენიმე ძლიერი ფიგურა, მათ შორის, ქალები. ესენი არიან ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა და კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ხორვატიის ლიდერი 2015-2020 წლებში, რომელიც ნატოში გენერალური მდივნის თანაშემწედ მუშაობდა. დიდი ბრიტანეთი მზადაა, ამ თანამდებობისთვის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი წამოაყენოს.
მიჩნეულია, რომ ნატოს გენერალური მდივანი - ფორმალური თანამდებობაა, ყველა გადაწყვეტილებას ვაშინგტონის კაბინეტებში იღებენ. თუმცა სწორედ ალიანსის ხელმძღვანელობას ეკისრება საჯარო პასუხისმგებლობა სამ ათეულ ქვეყანას შორის კონსენსუსისთვის. სწორედ სტოლტენბერგს მკაცრად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ „ღია კარის“ პოლიტიკის გატარებისას და შვედეთისა და ფინეთისთვის ალიანსში მიღების პირობის მიცემისას ვერ მოახერხა თურქეთზე გავლენის მოხდენა. ნატოს ერთიანობაზე კი დამოკიდებულია არა მხოლოდ ამ სამხედრო ალიანსის მომავალი, არამედ მის იმედად მყოფი უკრაინის მსგავსი ქვეყნების ბედიც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0