მოსაზრება: ევროპელ ენერგეტიკოსებს რუსული გაზის კვალდაკვალ ფულიც გამოელიათ

© AP Photo / Martin Meissner
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
ევროპაში სიცივე შეიპარა და შედეგმაც არ დააყოვნა. გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა Uniper-მა თავის შვედ პარტნიორებს აცნობა, რომ ხურავს ახალი ატომური რეაქტორების მშენებლობის პროგრამებს. ამის შესახებ რადიოსადგურ Sveriges Radios Ekot-ის ეთერში კომპანიის სპიკერმა ჯორჯ ოპერმანმა განაცხადა.
Uniper კარგადაა ცნობილი რუსეთში. პირველ რიგში, იმით, რომ მრავალი წელია, რუსული გაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მყიდველი იყო, ამიტომ ამ სახელწოდების ხსენება ატომური გენერაციის ობიექტებთან ერთად უმრავლესობისთვის მოულოდნელია. თუმცა ეს მხოლოდ პირველი და ზედაპირული შთაბეჭდილებაა.
როგორც ცნობილია, ვაჭრობა ნახშირწყალბადებით - განსაკუთრებით, რუსული ნახშირწყალბადებით და, განსაკუთრებით, გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე, სადაც გაწერილია სასიამოვნო, მაგალითად, კოტირებების რყევისა და სხვა მოსალოდნელი ფორსმაჟორების მსგავსი, პირობები - მეტად სარფიანი საქმეა. ამიტომ Uniper-ის ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იყო. იმდენად, რომ თავის დროზე გერმანელმა ენერგეტიკოსებმა გამოისყიდეს შვედეთის პრაქტიკულად მთელი ატომური კლასტერი. ასევე შეუძლებელია პუბლიკაციების პოვნა იმის შესახებ, რომ კერძო უცხოურ კომპანიას შეუძლია გამოიყენოს თავისი განსაკუთრებული მდგომარეობა, როგორც დამოუკიდებელ შვედეთზე ზემოქმედების ბერკეტი.
ამჟამად Uniper ფლობს ატომური ელექტროსადგურის Oskarshamn-ის (OKG) აქციების საკონტროლო პაკეტს, ატომური ელექტროსადგურების Ringhals-ისა და Forsmark-ის მინორიტარულ პაკეტებს და მასვე ეკუთვნის ძველისძველი შვედური ატომური ელექტროსადგური Barsebäcksverket. ეს უკანასკნელი აღარ მუშაობს 90-იანებიდან, Uniper-მა კი თავის თავზე აიღო კონსტრუქციების დემონტაჟის ვალდებულება. თუმცა გერმანელ ოპერატორს არ უჩქარია ვალდებულების შესრულება და დღემდე მხოლოდ ატომური ელექტროსადგურის ტურბინების პირველ და მეორე დარბაზებში ელექტროტექნიკის დემონტაჟი შეძლო, ანუ თავად ტურბინის დარბაზი და ჰერმეტული დამცავი გარსი გარკვეული ამოცანების შესასრულებლად ვარგისია.
2022-ის ენერგეტიკულმა და ფინანსურმა ქარიშხლებმა გვერდი არც შვედეთს აუარა. აქაც შეინიშნებოდა გენერაციის დეფიციტი და მისი გაძვირება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პრაქტიკულად ერთი თვის წინ Barsebäck Kraft-ის - Uniper-ის შვილობილი კომპანიის - გენერალურ დირექტორს ერთ-ერთ ინტერვიუში წამოცდა: ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა არ დაიშლება. მეტიც, მის ბაზაზე შეიქმნება ენერგეტიკული კლასტერი, სადაც, უდავოდ, წარმოდგენილი იქნება ატომური გენერაციაც. ანუ მფლობელები აპირებდნენ აქ ახალი ატომური ელექტროსადგურის შექმნას, სულ ცოტა, მცირე მოდულიანი რეაქტორების გამოყენებით, როგორც კი ეს ტექნოლოგია სამრეწველო დონეზე ავიდოდა.
საჭიროა გერმანელი ენერგეტიკოსებისა და მათი გრძელვადიანი პროგნოზირების უნარის სათანადოდ დაფასება. საქმე ისაა, რომ შვედეთის ყველა ატომური ელექტროსადგური საკმაოდ ასაკოვანია და ყველაზე ძველი სადგურის Barsebäcks-ის წარმატებული „რენოვაცია“ წარმოუდგენელ პერსპექტივებს ჩაუყრიდა საფუძველს. ერთი მხრივ, Uniper-ის ტოტალური დომინირების უზრუნველყოფა შვედეთის ელექტროენერგიის ბაზარზე, მეორე მხრივ - ეს მართლაც რეალურს გახდიდა ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირების პერსპექტივას რუსულ ენერგომატარებლებზე.
ამჟამად შვედეთის ენერგეტიკულ ობიექტებს შორის, რომლებსაც გერმანელები უძღვებიან, არის: ატომური ელექტროსადგური OKG (მოქმედებს 1985 წლიდან), ატომური ელექტროსადგურის Ringhals-ის მესამე და მეოთხე რეაქტორები (მუშაობენ 1981 და 1983 წლებიდან), ასევე ატომური ელექტროსადგურის Forsmark-ის სამი ენერგობლოკი (ქსელში ჩართულია 1980-1985 წლებში). ენერგობალანსის სტრუქტურაში პირველი სადგურის წილი ელექტრობის წარმოებაში არის 7, მეორის - 20, მესამის - 15 პროცენტი. მთელი ნაციონალური გენერაციის დაახლოებით 40%, ანუ შვედეთი შეიძლება მოინათლოს ატომურ ქვეყნად.
ბუნებრივია, რომ ასეთი პროპორციებით სტოკჰოლმი მეტად დაინტერესებულია თავისი რეაქტორული პარკის განახლებით, რომლის მნიშვნელობაც მისი მუშაობის უმცირესი შეფერხების შემთხვევაშიც ვლინდება. მაგალითად, 9 ნოემბერს ატომური ელექტროსადგურის, OKG-ის მესამე ენერგობლოკის გაფუჭებას 1400 მეგავატი სიმძლავრის დაკარგვა მოჰყვა. ამან კი, თავის მხრივ, პრაქტიკულად უშუქოდ დატოვა შვედეთის მთელი სამხრეთი, რომლისთვისაც სადგური ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია. ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ქვეყნის მთავრობა მეტად კეთილგანწყობილი იყო Uniper-ის გეგმების მიმართ იმ იმედით, რომ არა მხოლოდ განამტკიცებდა თავის ენერგოშეიარაღებას, არამედ გახდებოდა ევროპის ყველაზე მწვანე ქვეყანაც.
საჭიროა ერთი მომენტის განმარტება.
თავად Uniper-ს არ შეუძლია რეაქტორის აშენება. ალბათ ოპერატორობის მდიდარი გამოცდილების მქონე გერმანელები იმედოვნებდნენ მშენებლობის მთავარი შემკვეთებისა და ინვესტორების როლში გამოსვლას, რადგან მათი ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა. დადიოდა ხმები, რომ აპირებდნენ რეაქტორების მშენებლობის კონტრაქტის ფრანგული EDF-ისთვის გადაცემას, რომელსაც, როგორც თავად აცხადებს, მსგავსი შეკვეთის შესრულება შეუძლია. რამდენად ახლოსაა ეს რეალობასთან - ცალკე საუბრის თემაა. სხვა შესაძლო კონტრაქტორებზე საუბარი არ ყოფილა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე და ევროპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე. რუსული მილსადენის გაზის მიწოდება თანდათანობით შემცირდა, გარკვეულ მომენტში კი Uniper-მა განაცხადა გაზის იმპორტის სრულ შეწყვეტაზე. მალევე გამოქვეყნდა ინფორმაცია კომპანიის რეკორდულ დანაკარგებზე, რომელმაც 40 მილიარდი დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც დაირხა ხმები შესაძლო გაკოტრების შესახებ. ვიდრე კორპორაციის ფინანსისტები ითვლიან, შეძლებს თუ არა კომპანია ვალების გასტუმრებას, სათავო ოფისი მაქსიმალურად ამცირებს ხარჯებს. ცნობილია, რომ Uniper კოლეგებთან ერთად, მეორე ენერგეტიკული კომპანია Eon-იდან, ელექტრობის ეკონომიის მიზნით ზამთარში თავისი ოფისების ნაწილს დახურავს. კერძოდ, დაიხურება ოფისების სულ მცირე ნახევარი დიუსელდორფში, შტაბ-ბინაში, დარჩენილ ოფისებში კი ტემპერატურა 14 გრადუსზე იქნება შენარჩუნებული. გაითიშება ასევე გარე განათება და ლოგოტიპების განათება, რაც, მფლობელების აზრით, მოხმარებას 20%-ით შეამცირებს. ასეთ დროს ახალ რეაქტორებში ინვესტიციებზე საუბარი არასერიოზულია.
ცოტა ხნით ადრე, ვიდრე გაირკვეოდა, რომ შვედური ატომური ენერგეტიკის მოდერნიზაციის გეგმები ჩაიშალა, პრაღაში ჩატარდა კონფერენცია იმავე ატომური ენერგეტიკის საკითხებზე. კომისარმა კადრი სიმსონმა მაშინ განაცხადა, რომ მშვიდობიანი ატომი იყო, არის და იქნება ბებერი ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედი. 2030 წლისთვის ევროკავშირს კრიტიკულად სჭირდება არანაკლებ 100 გიგავატი სამრეწველო სიმძლავრე ატომის ბაზაზე. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ამ დროისთვის ყველა ამჟამად მოქმედი რეაქტორის დიდი უმრავლესობა უნდა გაჩერდეს და ასაკის გამო პენსიაზე გაიგზავნოს. მოხუცებში ახალი სიცოცხლის ჩასაბერად და პარალელურად ახალი თაობის რეაქტორების შესაქმნელად ევროკომისარს სულ რაღაც 450 მილიარდი ევრო სჭირდება.
მაგრამ გაურკვეველია, როგორ გარდაიქმნება დაბეჭდილი ფული რეაქტორების და თბოელექტროსადგურების ფიზიკურ კორპუსებად. ვინ იფიქრებდა, რომ რუსი მენავთობეები და გაზის ოპერატორები ევროპის ატომური რენესანსის მთავარი მამოძრავებლები გახდებოდნენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს დ პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0