ტიხრული მინანქრის ოსტატის ყველაზე ლამაზი ორი სამკაული და მოულოდნელი სიურპრიზი დედისგან

© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანი
ტატა გოგრიჭიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
ტრადიციული ტიხრული მინანქრის სამკაულები ქალბატონებისთვის განსაკუთრებით სასურველი და აქტუალურია. მასზე მუშაობა იმდენად რთულია, იმდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რომ ამ მიმართულებით ადრე ძირითადად მამაკაცები მუშაობდნენ.
დღეს ამ საქმეს, თანაც წარმატებით, ქალბატონებიც ართმევენ თავს, ტატა გოგრიჭიანი ერთი მათგანია. ორი მცირეწლოვანი ქალიშვილის დედა საავტორო სამკაულებს მოუცლელობის გამო უფრო ღამით ამზადებს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ ღამეში 30 ნივთიც გაუკეთებია. მთავარია, რომ მის ნატიფ და დახვეწილ სამკაულებზე დიდი მოთხოვნაა.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- ქალბატონო ტატა, ტიხრული მინანქარი ტრადიციული ქართული დარგია, როდის გადაწყვიტეთ მისი შესწავლა, ვინ დაგეხმარათ?
- პირველად დედამ შემომთავაზა. მისი თანამშრომელი ლიკო ჩიხლაძე ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. თან ასწავლის და იქნებ შენც დაინტერესდეო. მაშინ 18 წლის ვიყავი და, სიმართლე გითხრათ, ტიხრული მინანქარი არც ვიცოდი რა იყო. ბისერებით რაღაცების კეთება და ქარგვა კი მიყვარდა ბავშვობიდან, ხატვასაც ვცდილობდი. მოკლედ, როცა მითხრა, დამაინტერესა, ლიკოსთან მალევე მივედი და შევისწავლე.
- მითხარით, არშემდგარი ფსიქოლოგი ვარო...
- ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და როცა უმაღლესში ჩაბარების დრო მოვიდა, ბევრი არ მიფიქრია სად ჩამებარებინა. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ფსიქოლოგობა, სამწუხაროდ, არ გამომივიდა. ორი წელი ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრ „ნდობაში“ ცხელ ხაზზე ვიმუშავე. ესაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემი პროფესიით ვიყავი დასაქმებული.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- ტიხრულ მინანქარზე მუშაობა რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის?
- რთული ნამდვილად არის, რადგან ბევრ დროს, ენერგიას და ნერვებს მოითხოვს. თუმცა ამავე დროს საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. ძირითადად ღამე ვმუშაობ, რადგან დღისით ბავშვებს სჭირდებათ ჩემი ყურადღება. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ ღამეში 30 სამკაული ერთად გამიკეთებია, მაგრამ ისეთი ფაქტიც მახსენდება, მთელი ღამე ერთი ნივთის გაკეთებაში რომ გავათენე.
- რომელ ბუნებრივ თვლებს იყენებთ სამკაულებისთვის?
- ძალიან მიყვარს კვარცის სახესხვაობები, პირველ რიგში ამეთვისტო და ხშირად ვიყენებ ხოლმე, ასევე ძალიან აქატი, ავანტურინი, მთის ბროლი. ახლა ვამზადებ ახალ სამკაულებს, რომლებიც ბუნებრივი ქვებით იქნება გაწყობილი და თავიდან ბოლომდე ხელნაკეთი. ერთი სული მაქვს როდის დავასრულებ და ხალხის შეფასებას როდის მოვისმენ.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- როგორც ჩანს, სამკაულებზე გარკვეული სიმბოლოების გამოხატვა გიყვართ, ძირითადად რა სიმბოლოებია?
- როცა შეკვეთაა, რა თქმა უნდა, მათ დამკვეთის სურვილის მიხედვით გამოვსახავ. ხან წარწერებს მთხოვენ, ხან უბრალოდ აბსტრაქციას, უმეტესობა ჩემ გემოვნებას ენდობა, რაც ძალიან მახარებს. ზოგჯერ კონკრეტულად ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის გამოსახვას მთხოვენ. ასევე სურდათ გამომესახა სვანური კოშკები, დასარტყამი ინსტრუმენტები და ა.შ. ხშირად, როცა სამუშაოდ ვჯდები, გონებაში რა აზრიც მიჩნდება, ის თავისით იხატება, შემდეგ მას ხელიც „მიჰყვება“ და ჩანაფიქრიც გამოდის. თუმცა ისიცაა, ზოგჯერ ერთს ჩაიფიქრებ და რეალურად სულ სხვა რამ გამოდის.
- რაიმე წარწერას თუ უკეთებთ სამკაულებს?
- ერთი მედალიონი-ამულეტის დამზადება უცხოელმა დამკვეთმა მთხოვა. მასზე დავიტანე წარწერა „ხაი". მან ამიხსნა, რომ ივრითზე ეს სიცოცხლეს ნიშნავს. მას ატარებენ როგორც თილისმას, რომელსაც წარმატება და ბედნიერება მოაქვს მფლობელის ცხოვრებაში. რამდენადაც ვიცი, ამაზე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია მოთხოვნა. ბევრჯერ წყვილებისთვის გამიკეთებია რაღაც ერთნაირი ან საერთო ნიშნის მატარებელი სამკაული.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- ყველაზე უცნაური რომელი შეკვეთა გახსენდებათ?
- ყველაზე უცნაური რაღაც სიმბოლო იყო, ზუსტად არ მახსოვს რა. თუმცა იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მისი ფორმა ოთხჯერ გაფუჭდა და ბევრი წვალების შემდეგ ძლივს გამოვიდა, ფერებიც კი სხვა ჯდებოდა. ასეთი რამ ვინმეს რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი. დღემდე ვერ ვხვდები, მაშინ რა მოხდა...
- საკუთარი თავისთვის თუ დაამზადეთ სამკაული, რასაც ვერასოდეს შეელევით?
- საკუთარი თავისთვის ადრე უფრო ვამზადებდი. მერე რატომღაც ისე ხდებოდა, რომ ყველას სურდა ასეთივე და მეც ვყიდდი. ერთხელ განსხვავებული სტილის საყურე დავამზადე. მალე დედამ გარკვეული თანხა მომიტანა და მითხრა, რომ ეს საყურე მისმა ახლობელმა შეიძინა. გამიხარდა, მაგრამ ცოტა გულიც დამწყდა. იქვე გავიფიქრე, არა უშავს, ასეთს ისევ გავაკეთებ–მეთქი. მეორე დღეს დედა მოვიდა და გამომიტყდა, რომ ის ნამუშევარი ჩემთვის შეიძინა, რათა აღარ გამეყიდა. ამ ამბის მერე იმ საყურეს ცხოვრებაში არასდროს გავყიდი...
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ტატა გოგრიჭიანის შემოქმედება
- ქართულ ორნამენტებიან სამკაულებზე რამდენადაა მოთხოვნა?
- ქართულ ორნამენტებიანი სამკაულები უცხოელებს უფრო მოსწონთ, ვიდრე ქართველებს, ასეთებს „არტ-გენის“ ფესტივალისთვის ვამზადებ ხოლმე, რადგან იქ უფრო არის მასზე მოთხოვნა. ადრე მამაკაცებისთვის ხშირად ვამზადებდი: პერანგის საკინძეებს, ჯვრებს, სამაჯურებს, მედალიონებს. სამომავლოდაც ვაპირებ.
- ამ ეტაპზე რაიმე ორიგინალური იდეა გაქვთ?
- იდეა ძალიან ბევრი მაქვს. ზოგი მათგანი პროექტში „აწარმოე საქართველოში“ მქონდა გაგზავნილი, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო და რესურსი არ მქონდა იმდენი, რომ განმეხორციელებინა. იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ. ამ ეტაპზე ახალი სტილის სამკაულს ვამზადებ ნატურალური ქვებით და თვითონაც სულმოუთქმელად ველოდები.
© courtesy of Tata Gogrichianiტატა გოგრიჭიანი შვილებთან ერთად
ტატა გოგრიჭიანი შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ტატა გოგრიჭიანი შვილებთან ერთად
- როგორ ფიქრობთ, რომელია თქვენი ყველაზე ლამაზი სამკაული?
- ჩემი ყველაზე ლამაზი სამკაული ის ორი ქალბატონია, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, როცა საჭიროა, დიდებივით მამხნევებენ. სამკაულების პირველი შემფასებლებიც ჩემი პატარა ქალიშვილები არიან. როცა რამე ახალს ვაკეთებ, ჯერ მათ ვეკითხები აზრს. ბედნიერებას მანიჭებს ის ამბავი, რომ პატარებს ჩემი ყველა ნაკეთობა აღაფრთოვანებთ...
ყველა ახალი ამბავი
0