ინციდენტი პოლონეთის დელეგაციასთან დაკავშირებით: ქუთაისის მერიის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის მერიის შენობა
ქუთაისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
უცხოელი სტუმრები ეწვივნენ ადგილს, რომელიც ვიზიტის პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის მერია ამტკიცებს, რომ მათთვის უცნობია, თუ რატომ წაიყვანეს პოლონეთის დელეგაცია კერძო ტერიტორიაზე ნაცვლად იმ ტერიტორიისა, სადაც ე.წ. შინსახკომის საკონცენტრაციო ბანაკი მდებარეობდა.
ქუთაისის მერიამ განცხადება გააკეთა მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშევსკამ და საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა ქუთაისში ვიზიტის დროს მოინახულეს ე.წ. შინსახკომის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია, რომელიც სტუმრებს დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ ადგილი, რომელიც პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს, არ შეესაბამება იმ ლოკაციას, სადაც მდებარეობდა ე.წ. შინსახკომის ბანაკი და რომელიც წინასწარ იყო მითითებული საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ შემუშავებული ვიზიტის პროგრამაში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, ბანაკი, სადაც პოლონელი ტყვეები 1945-1947 წლებში პატიმრებთან ერთად იყვნენ მოთავსებული, მდებარეობდა რამდენიმე შენობაში, მათ შორის, ქუთაისის ყოფილი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია სხვადასხვა დროს დათვალიერებული აქვს არაერთ საერთაშორისო სტუმარს, მათ შორის პოლონეთიდან იგივე სტუმრებს, ელჩიც და ვიცე-სპიკერიც არაერთხელ ყოფილან, აღნიშნულია განცხადებაში.
„ჩვენთვის უცნობია, თუ რატომ შევიდა დელეგაციის ვიზიტის პროგრამაში ცვლილება და წინასწარ განსაზღვრული ტერიტორიის ნაცვლად დელეგაციის მიყვანა მოხდა კერძო ტერიტორიაზე“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ვიზიტის მომზადების დროს პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები გეგმავდნენ სტუმრების სწორედ იმ ადგილზე მიყვანას, სადაც ტრადიციულად, პროტოკოლით არის განსაზღვრული ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიის მონახულება.
ყველა ახალი ამბავი
0