მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიეცემათ თუ არა თურქ ქალებს ჰიჯაბის ტარების უფლება: საკითხი რეფერენდუმით გადაწყდება

© AP Photo / Emrah Gurelმოცეკვავე თურქი ქალი
მოცეკვავე თურქი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაავალა მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ (AKP), წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ასევე მოიცავს სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სამთავრობო დაწესებულებებში ჰიჯაბის ტარების უფლებას, იუწყება BBC Turk.
პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება გახდეს საჭირო.

„ვიმედოვნებთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ ჩვენი წინადადება მიღებული იქნება. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ სხვა ნაბიჯები, მათ შორის, რეფერენდუმის ჩათვლით. თუ პარლამენტში საჭირო უმრავლესობას არ მივიღებთ, საბოლოო სიტყვა ხალხზე იქნება“, — განაცხადა ერდოღანმა.

ჰიჯაბის ტარების უფლებაზე ცვლილებები კონსტიტუციის მე-10 და 24-ე მუხლების შეცვლას ითვალისწინებს.
კონსტიტუციის 24-ე მუხლში (სახელწოდებით „რელიგიისა და სინდისის თავისუფლება“) შესატანი ცვლილების თანახმად, განათლების სფეროსა და შრომით ცხოვრებაში არავინ შეიძლება ექვემდებარებოდეს დისკრიმინაციას მის მიერ შერჩეული ტანსაცმლის გამო. ხოლო მე-10 მუხლი ფორმულირებას იმგვარად დააზუსტებს, რომ კანონის წინაშე თანასწორობა გარანტირებული იყოს.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ოსმალური თავსაბურავების ტარება მამაკაცებს ჯერ კიდევ თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელმა ქემალ ათათურქმა აუკრძალა. ხოლო 1980 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სამხედრო მთავრობამ გამოსცა მთელი რიგი განკარგულებები, რომლებიც საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებსა და საშუალო სკოლის მოსწავლეებს ჩალმისა და ჰიჯაბის ტარებას უკრძალავდა. 1990-იან წლებში აკრძალვა გავრცელდა უნივერსიტეტის სტუდენტებზეც, რამაც მასიური პროტესტი გამოიწვია.
2008 წლის თებერვალში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წინადადებით, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ქალებს ჰიჯაბის ტარების უფლებას აძლევდა უნივერსიტეტებში. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა თურქეთის ძირითად კანონს, რომლის მიხედვითაც ის საერო სახელმწიფოა და არა რელიგიური.
დროთა განმავლობაში ამ აკრძალვებს თანდათან აუქმებდნენ მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიებისთვის. მაგალითად, 2013 წელს AKP-ს ოთხი ქალი დეპუტატი, პირველად ქვეყნის პარლამენტის ისტორიაში, შეხვედრაზე ჰიჯაბებით მივიდა, ხოლო 2017 წელს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალ ოფიცრებს ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის ტარების უფლება მისცა.
როგორც თურქეთის სტრატეგიული და სოციალური კვლევების ცენტრ Metropoll-ში აცხადებენ, დღეისათვის თურქეთის მოსახლეობის 83%-ზე მეტი მომხრეა, რომ ქალებს მიეცეთ უფლება, ატარონ ჰიჯაბი ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოისურვებენ.
ყველა ახალი ამბავი
0