იაპონელი ქალების დახვეწილი აღნაგობის 6 საიდუმლო

© Pixabay / sasintიაპონელი ქალი
იაპონელი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
იაპონელები პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და დახვეწილ ქალბატონებად მიიჩნევიან. ამაში მათ ისიც უწყობთ ხელს, რომ ასაკი, პრაქტიკულად, არ ეტყობათ.
30 წლის იაპონელი ქალი შესაძლოა 20 წლისაც კი გეგონოთ. გარდა ამისა, ისინი ცნობილი არიან დღეგრძელობის კუთხითაც.
დადგენილია, რომ იაპონელი ქალბატონების სილამაზისა და დღეგრძელობის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო მათ რაციონსა და საკვების მიღების განსაკუთრებულ წესებშია, რომელთაგან აქ რამდენიმეს გაგაცნობთ.

მდიდარი და დაბალანსებული რაციონი

იაპონელების რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადი ადგილი უჭირავს: თევზეულს, წყალმცენარეებს, ბოსტნეულს, სოიოს, ბრინჯს, ხილსა და მწვანე ჩაის. ისინი პრაქტიკულად საერთოდ უარს ამბობენ მაღალკალორიულ და მავნე საკვებზე.
იაპონელებისთვის მთავარია, რომ პროდუქტი იყოს ახალი და შეესაბამებოდეს სეზონს, ანუ, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ზამთარში მარწყვს არ ეტანებიან. ის კი არა, თევზეულსაც კი სეზონის მიხედვით არჩევენ. მიირთმევენ იმ თევზს, რომლის დაჭერის სეზონიც დგას.

კერძის მომზადების მეთოდები

იაპონელები მოშუშულ, გრილზე შემწვარ, ორთქლზე დამუშავებულ და სპეციალურ ტაფაზე ძალიან ცოტა ცხიმით შემწვარ კერძებს ამჯობინებენ. ბოსტნეულს ისეთ ზომაზე და იმგვარად ჭრიან, რომ ლამაზიც იყოს და მალეც მომზადდეს. ამ გზით პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებებია შენარჩუნებული.
იაპონელები კერძებს ხშირად ამზადებენ ბოსტნეულის ნახარშზე, სანელებლებს კი ძალიან მოზომილად, ფრთხილად იყენებენ.

ჭამის კულტურა

იაპონიაში ჭამა ერთგვარი რიტუალია — მიირთმევენ მინიატურული ჭურჭლიდან, პატარა ლუკმებით, მომცრო ულუფებს. ცდილობენ საკვებს ბუნებრივი გემო და გარეგნობა შეუნარჩუნონ. იაპონიაში მიღებული არ არის სხვადასხვა კერძის ერთ თეფშზე დალაგება — ყველა მათგანისთვის სხვადასხვა ჭურჭელია გამოყოფილი. რაც მთავარია, ამ ჭურჭელს არასდროს ავსებენ პირთამდე.

ბრინჯი პურის ნაცვლად

იაპონელები პურის ნაცვლად ბრინჯს მიირთმევენ, ოღონდ განსაკუთრებული წესით მომზადებულს. ბრინჯს არც მარილს უკეთებენ და არც ცხიმს. სწორედ ესაა ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო თხელი და „ჰაეროვანი“ აღნაგობისა.

საუზმე — ძირითადი კვება

საუზმე იაპონიაში ყველაზე უხვია და რამდენიმე თავი კერძისგან შედგება, რადგან სწორედ დილის კვება მიიჩნევა უმთავრესად. საუზმეზე იაპონელები მიირთმევენ: თევზს, ბრინჯს, ომლეტს, მისო-სუპს, სოიოს კერძს მწვანილით, წყალმცენარეებსა და ჩაის.

არცთუ ტკბილი დესერტი

დესერტს იაპონელები იშვიათად და უმცირესი ულუფით მიირთმევენ. მათი წარმოდგენა ტკბილეულზე ჩვენი შეხედულებისგან რადიკალურად განსხვავდება: არანაირი ბისკვიტი, კარაქიანი კრემი, ნაღები თუ ტორტი! ის კი არა, ნაყინსაც კი ბრინჯისგან ამზადებენ, რომელსაც „მოტი“ ჰქვია.
იაპონური დესერტი დაბალკალორიულია, ნაკლებად ტკბილი და არც მაინცდამაინც გემრიელი ევროპელისთვის. სამაგიეროდ, ერთ ზედმეტ ნაკეცსაც კი არ აჩენს სხეულზე.
ყველა ახალი ამბავი
0