მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

9 კატეგორიული პუნქტი: პოლონეთმა გერმანიისთვის წაყენებული მოთხოვნების სრული სია გამოაქვეყნა

© photo: Sputnik / Vladimir Grebnev / გადასვლა მედიაბანკშიომის დროს დანგრეული ვარშავა
ომის დროს დანგრეული ვარშავა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიისათვის წაყენებული მოთხოვნების სრული ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ეხება.
მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ გერმანიას 6,2 ტრილიონი ზლოტის (დაახლოებით 1,3 ტრილიონი აშშ დოლარი) გადახდა მოსთხოვა 1939-1945 წლებში გერმანიის ოკუპაციისა და აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად — რეპარაციის სახით. ვარშავამ შესაბამისი ნოტაც გაუგზავნა ბერლინს.
დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური ჩამონათვალი ცხრა პუნქტისგან შედგება და მოიცავს:
1.
მატერიალური და არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას 6.220.609 მილიონი ზლოტის ოდენობით;
2.
აგრესიისა და ოკუპაციის მსხვერპლთათვის და მათი ოჯახებისთვის ზარალისა და ზიანის ანაზღაურებას;
3.
გერმანიისგან სისტემური ქმედებების განხორციელებას პოლონეთიდან გატაცებული და ამჟამად მის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების უკან, პოლონეთში დასაბრუნებლად;
4.
პოლონეთის სახელმწიფო ბანკებისა და საკრედიტო დაწესებულებების აქტივებისა და პასივების დაბრუნებას, რომლებიც გერმანიის სახელმწიფომ მოიპარა 1939-1945 წლებში;
5.
დებიტორული დავალიანებების დარეგულირებას, რომლებიც რეიხის საკრედიტო ორგანიზაციების (აფინანსებდნენ მესამე რეიხის დანაშაულებრივ სამხედრო საქმიანობას) მძარცველური საქმიანობისა და პოლონეთში საემისიო ბანკის მოღვაწეობის შედეგად წარმოიშვა;
6.
ომამდელი პოლონეთის უმცირესობის დახოცილი აქტივისტების სრულ რეაბილიტაციას და იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც პოლონეთის დიასპორულ ორგანიზაციებს მიადგათ გერმანიაში;
7.
გერმანიაში პოლონელებისა და პოლონური წარმოშობის პირთა სტატუსის სრულ და სისტემურ დარეგულირებას ეროვნული უმცირესობის სტატუსის აღდგენის გზით — კერძოდ, მშობლიური ენის სწავლებით;
8.
პოლონეთის რესპუბლიკასთან სათანადო თანამშრომლობას მეორე მსოფლიო ომში პოლონელ მსხვერპლთა უკვდავსაყოფად;
9.
გერმანიის ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს საკუთარი საზოგადოებისთვის ომისა და მისი შედეგების სრული სურათის წარსადგენად, რამაც პოლონეთსა და პოლონელებს განსაკუთებული ზარალი და ზიანი მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ რეპარაციების შესახებ რეზოლუცია პოლონეთის სეიმმა 14 სექტემბერს მიიღო, 3 ოქტომბერს კი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ხელი მოაწერა ნოტას, რომლის თანახმადაც ქვეყანა გერმანიისგან რეპარაციას მოითხოვს მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.
მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბერლინი ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს რაიმეს გადახდასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1953 წელს პოლონეთმა ოფიციალურად თქვა უარი რეპარაციებზე. ვარშავაში ირწმუნებიან, რომ 1953 წლის ხელშეკრულება დარღვევებით გაფორმდა სსრკ-ის ზეწოლის შედეგად, და ის ეხებოდა მხოლოდ გერმანიის დემოკრატულ რესპუბლიკას, რომელიც დღეისათვის აღარ არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0