საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მეორედ გამოცხადდა

გამოწერა
პრემიის მიზანი ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდაა.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მეორედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს.
კონკურსი თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამოცხადდა. მისი მხარდამჭერი კი თბილისის მერიაა.

პრემიაზე განაცხადების მიღება 20 ოქტომბრიდან დაიწყება, საკონკურსო მასალების მიღება კი 26 ოქტომბერს დასრულდება.

პრემიის მიზანი ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა, ასევე საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზებაა.
პრემია გაიცემა ოთხ ნომინაციაში:
საუკეთესო პროზაული წიგნი,
საუკეთესო პოეტური წიგნი,
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი,
საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი.
ნომინაციების გამარჯვებულებს ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზი და 2.500-ლარიანი პრემია.
კონკურსის პირობების მიხედვით, პრემიაზე განიხილება 2021 წელს საქართველოში გამოცემული ქართველი ავტორების წიგნები, რომელთა აუდიტორია განსაზღვრულია 8 წლის ასაკამდე.
პრემია „ნაკადული“ იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში შარშან დაარსდა.
პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0