დავითაშვილი: სიღარიბე კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
სიღარიბე კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად და მისი დაძლევის რეალური საშუალებაა სწრაფი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის აღდგენამ ხელი შეუწყო სიღარიბის შემცირებას, რომელიც ამჟამად ისტორიულ მინიმუმზეა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილების და საწარმოების ბრუნვის ზრდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.

„2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 3,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა – 21,3%-დან 17,5%-მდე... და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოში სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, რაც ნიშნავს იმ ადამიანთა რაოდენობას, ვისაც არსებობის მინიმალურ საშუალებებზე ხელი არ მიუწვდება, 2020 წლიდან 3,8%-ით შემცირდა. ამასთან, 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 21,3% იყო. ამჟამად ქალაქში მცხოვრებთა 15% და სოფლად მცხოვრებთა 21,3% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
დავითაშვილის თქმით, შემცირების მიუხედავად, სიღარიბე კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად და მისი დაძლევის რეალური საშუალებაა სწრაფი ეკონომიკური ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.

„ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტს მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესის შენარჩუნება და გაუმჯობესება წარმოადგენს. მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ ჩვენი პასუხისმგებლობა გამოხატულია, მათ შორის, ჩვენს ერთგულებაში რეფორმების მიმართ“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

დავითაშვილი შეეხო საქართველოს ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების ხელშეწყობას, სახელმწიფო ფინანსების მართვის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმებისა და ენერგეტიკის მხარდაჭერის სქემების ჩათვლით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
„ახალი პროგრამა გულისხმობს 280 მლნ აშშ დოლარის დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ეს დაჭირდა“, – აღნიშნა მან.
მინისტრის თქმით, მიუხედავად ამისა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობა რეფორმების ერთგულია – განსაზღვრულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, აღნიშნა დავითაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0