ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerზუგდიდი
ზუგდიდი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობას ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5, რომელშიც ცნობილი ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

„თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

F5-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით.
ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება – ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ლიტერატორები პაატა შამუგია, გიორგი კეკელიძე, გიორგი ბუნდოვანი, ქეთი გზირიშვილი და სხვები. მუსიკალური ღონისძიებების დასკვნით ნაწილში მსმენელის წინაშე წარდგებიან ერეკლე დეისაძე და ნათია ალშიბაია.
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გამომცემლობა „ინტელექტის“, მწერალთა სახლისა და საქართველოს PEN-ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. დრო და ლოკაცია – კაფე „თამთინი", 17:00-დან 22:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0