საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელი აირჩიეს

© National Teacher Prizeმასწავლებლის ეროვნული ჯილდო
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს მემორანდუმის საფუძველზე დაწესდა, რომელიც განათლების კოალიციას, განათლების სამინისტროსა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის საუკეთესო მასწავლებელი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე გახდა.
პრიზის სახით გამარჯვებულს კონკურსის გენერალურმა სპონსორმა – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 15 ათასი ლარი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია თბილისში გუშინ, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა.
ჟიურიმ როლანდ შავაძე ხუთ ფინალისტს შორის შეარჩია. საუკეთესო ხუთეულში დასახელებულ თითოეულ პედაგოგს ჯილდოს სახით 5 ათასი ლარი გადაეცა. შავაძის გარდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
მიხეილ ლაბარტყავა - დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ,,შავნაბადას” ქიმიის მასწავლებელი;
ნანა მგალობლიშვილი - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
სოფიო ძიგრაშვილი - ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
ირა ძირკვაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.
პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და თავდადებული შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან ტრადიციას და წელსაც, მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გამოვავლენთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს... ყველა ვთანხმდებით, რომ განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია, ამაში კი პედაგოგების როლი განუზომლად დიდია. მინდა ქედი მოვიხარო თითოეული პედაგოგის წინაშე, რომლებიც თავიანთი შრომით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს", – განაცხადა ჩხენკელმა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – ეს არის გლობალური კამპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“ (The Global Teacher Prize) ნაწილი, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ მასწავლებელს 1 მილიონი დოლარის ოდენობით ფულად პრემიას გადასცემენ.
The Global Teacher Prize კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ რამდენიმე კრიტერიუმს: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.
2021 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0