როდის წარადგენს ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის განვითარების გეგმას

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
ენერგეტიკის განვითარების გეგმაში იქნება გათვალისწინებული, რამდენი მეგავატის ჰიდროელექტროსადგურები, ქარისა და მზის ელექტროსადგურები აშენდება, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ნოემბრამდე წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის განვითარების ათწლიან გეგმას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი განცხადება გააკეთა ამ სექტორის განვითარების აუცილებლობაზე ქვეყნის შიგნით მზარდი მოხმარების ფონზე.

„ჩემი დავალებით ყველა უწყებას აქვს გაკეთებული მინიმუმ 10-წლიანი განვითარების გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, ამ შემთხვევაში ენერგეტიკას ვგულისხმობ, რამდენი მეგავატის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა შეგვიძლია, რამდენი მეგავატი ქარის, ასევე მზის სადგურების მშენებლობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების შემოდინება შემცირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ენერგეტიკის სფეროში გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებების (PPA) გაცემის შეჩერების გამო, მაგრამ ამ დროისათვის მთავრობამ უკვე დაასრულა მოლაპარაკებები PPA-ს აღდგენის შესახებ, და მალე ახალი პროექტები განხორციელდება.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიის საკუთარმა გამომუშავებამ 9,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 7,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,7 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 57,09 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.
პრეზიდენტი: ენერგოდამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია თავისუფლების შენარჩუნებისთვის>>>
ოპერატორის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, მათ შორის რუსეთიდან 907,2 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი, სომხეთიდან – 138,4 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანიდან – 129,1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტმა შეადგინა 877,5 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია. საკუთარმა გამომუშავებამ 12,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0