მშობლის ოთხი ყველაზე ხშირი შეცდომა: თქვენ როგორ იქცევით?

© Pixabay / freestocks-photosბავშვი შოკოლადის კექსით
ბავშვი შოკოლადის კექსით - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. მშობელმა შესაძლოა ვერც შეამჩნიოს, ისე ჩამოუყალიბოს შვილს საკვების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება, ამბობენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, საკვების მიღების მკაცრმა წესებმა შესაძლოა ბავშვს საკუთარ სხეულთან კონტაქტი დაურღვიოს — ჯანმრთელი შიმშილისა და მისი დაკმაყოფილების გრძნობა დააკარგვინოს.
გაგაცნობთ ბავშვთა ფსიქოლოგის რჩევებს, რომლებიც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.

ნუ დააძალებთ ჭამას

თუ ბავშვი საკვების ბოლომდე შეჭმაზე უარს ამბობს, ანუ თავს ატრიალებს და პირს აღარ გიღებთ, არასდროს დააძალოთ ჭამა. არ ღირს მის მაგივრად გადაწყვიტოთ, რა რაოდენობის საკვები სჭირდება შიმშილის დასაკმაყოფილებლად.
თუ ბავშვი გეუბნებათ, რომ ჯერ არ შია, ნუ დააძალებთ, თორემ დედის ხათრით, ან იმის გამო ჭამას დაეჩვევა, რომ არსებობს რაღაც სტანდარტული ულუფა. ჯობს შვილს დაეხმაროთ – ისწავლოს, დააკვირდეს საკუთარი შიმშილის გრძნობას და ადეკვატურად მოიქცეს.
მოზარდები, რომელთა კვებასაც მშობლები ვეღარ აკონტროლებენ, სიამოვნებით ანებებენ თავს ნორმალური საკვების ჭამას და ჩიპსებსა და კოკა-კოლაზე გადადიან. შესაძლოა არა იმიტომ, რომ ისინი უფრო გემრიელია, არამედ იმიტომ, რომ პირველად ცხოვრებაში თავად ირჩევენ, რა შეჭამონ. ამ დროს კი ნორმალურ საკვებზე უკვე „აცრილები“ არიან.

საჭმელი ჯილდო არ არის

შოკოლადი სუპის, ხოლო ტორტი პირველი და მეორე თავი კერძის შეჭმისთვის – ეს ისაა, რამაც შესაძლოა თქვენს შვილს ჩამოუყალიბოს აზრი, რომ ყოველდღიური საკვები უგემურია, და ამიტომ, გემრიელი სასუსნავის მიღების იმედით, უაზროდ ბევრის ჭამასაც დაეჩვიოს.
განა ბევრი გეგულებათ ისეთი, ვინც ჰაეროვანი კრემითა და ბეზეებით მორთული ტორტის ჭამაზე უარს იტყვის, თუნდაც კუჭი უკვე სავსე ჰქონდეს? მით უმეტეს, თუ ეს ტორტი ერთადერთი ნამდვილი გემრიელობა იქნება მთელი დღის განმავლობაში.

საკვები მტერი არ არის

რაც უფრო მეტ პროდუქტს შეიტანთ მავნებელთა ნუსხაში (ფასტფუდებს, ცხარე კერძებს, შემწვარ პროდუქტებს, პურს, ნამცხვარს...), მით მეტად აგრძნობინებთ შვილს თავს დამნაშავედ იმაში, რომ გემრიელი სასუსნავი უნდება.

რამდენჯერაც შოკოლადს ან კრემიან ნამცხვარს გასინჯავს, იმდენჯერ ინერვიულებს და სტრესს განიცდის, ვინაიდან თქვენ ის დაარწმუნეთ, რომ ტკბილეული მავნებელია, ხოლო ცომეული ასუქებს.

ნუ აქცევთ ჭამას ერთადერთ გართობა-სიამოვნებად

თუ ბავშვს ხშირად არ ატარებთ ისეთ ადგილებში, სადაც ყოფნა მას სიამოვნებას ანიჭებს, დადებითი ემოციების მიღებას ის ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ანუ ნამცხვარ-შოკოლად-ტორტიდან მიეჩვევა.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მთელ დღეს მოწყენილობაში ატარებს, მაშინ მისთვის დღის ყველაზე საინტერესო მოვლენა – სადილისა თუ ვახშმის მენიუ იქნება. ამიტომ ეცადეთ შეძლებისდაგვარად მეტი დადებითი ემოცია განაცდევინოთ ბავშვს. ეს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0