საქართველო და სომხეთი ერთმანეთს საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიით დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
მეზობელი ქვეყნები მომავალში ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელების განვითარებაზე შეთანხმდნენ.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორებმა ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შესაბამისი დოკუმენტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და სომხეთის „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრს“ შორის გაფორმდა.
მხარეებს შორის შეთანხმება ენერგეტიკის თემაზე ქართულ-სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომის მიმდინარეობისას მოხდა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანი მონაწილეობდნენ.
რომეო მიქაუტაძემ სომხეთის დელეგაციას საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები გააცნო.
იტალიური კომპანია საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ენერგოხიდის პროექტს შეისწავლის>>>
აღინიშნა, რომ ევროპის ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, რომლის მიზანია ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზაცია და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება.
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ენერგეტიკული ბაზრის დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
ახალი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ყოველდღიური ვაჭრობით 2023 წლის 31 მარტს არის დაგეგმილი. ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა ვაჭრობის მონაწილეებს არაპიკურ საათებში ელექტროენერგიის იაფად შეძენის შესაძლებლობას მისცემს.
მიქაუტაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონში ენერგეტიკული მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მან დადებითად შეაფასა საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკული სისტემების თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს მომავალშიც შეუძლიათ უფრო მეტად განავითარონ ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელები და ამით ხელი შეუწყონ ელექტროენერგიის სატრანზიტო ნაკადების ზრდის პროცესს.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო შავი ზღვის კაბელის პროექტს, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა რუმინეთისას დაუკავშირდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.
ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სფეროში და ყურადღება გაამახვილეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მომავალში ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემების მდგრადობასა და პერსპექტიულ განვითარებას.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტები თვლიან, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელება ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ყველა ახალი ამბავი
0