მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქალის მძაფრი ყნოსვის დახმარებით: შექმნილია 3-წუთიანი ტესტი პარკინსონის დასადგენად

© Pixabay / StockSnapპარკინსონი
პარკინსონი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
თბილისი, 8 სექტემბერი − Sputnik. ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი ტესტი შექმნეს პარკინსონის დაავადების ადრეული სტადიების გამოსავლენად, რაშიც მათ შოტლანდიელი პენსიონერი ქალბატონი დაეხმარა თავისი უჩვეულოდ მგრძნობიარე ყნოსვით, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, ტესტი ეფუძნება 72 წლის ჯოი მილნის დაკვირვებებს, რომელიც პენსიაზე გასვლამდე მედდად მუშაობდა. ჯოიმ ბევრი წლის წინ შენიშნა, რომ მისი ქმრის ლესის კანს სუნი შეეცვალა. ამ მომენტიდან 12 წლის შემდეგ კი მამაკაცს პარკინსონის დაავადება დაუდგინეს.

„მას რაღაცნაირი, თითქოს ობის სუნი გაუჩნდა, განსაკუთრებით კეფისა და მხრების არეში. და კანიც ნამდვილად შეეცვალა“, − ამბობს ჯოი.

როგორც ირკვევა, ქალმა ქმარს ცვლილებები პირველად მაშინ შეამჩნია, როდესაც ლესი 30 წლის იყო. მაგრამ ჯოიმ ეს პარკინსონის დაავადებას მხოლოდ მაშინ დაუკავშირა, როცა ლესს დიაგნოზი დაუსვეს.
საქმე ისაა, რომ ცოლ-ქმარი ერთად წავიდა Parkinson's UK-ს მიერ მოწყობილ შეხვედრაზე დასასწრებად, სადაც ამ დაავადების მქონე პაციენტები იკრიბებოდნენ. სწორედ იქ იგრძნო ჯოიმ, რომ ყველა დაავადებულს ზუსტად ისეთივე სუნი ჰქონდა, როგორიც ლესს.
თავად ლეს მილნი 2015 წლის ივნისში გარდაიცვალა, როდესაც 65 წლის იყო. ის პროფესიით ექიმი იყო და ამიტომ ცოლს სთხოვა, რომ მისი დაკვირვებები რამდენიმე უნივერსიტეტის სწავლულებისთვის გაეზიარებინა.
ქალი ასეც მოიქცა, მეცნიერებმა კი ნათქვამში დასარწმუნებლად ჯოის ყნოსვა გამოსცადეს... და გაოცდნენ: 12 მაისურის დაყნოსვის შემდეგ ქალმა ზუსტად უპასუხა, რომელი მაისურის პატრონს ჰქონდა პარკინსონის დიაგნოზი და რომლისას - არა.
ამის შემდეგ მანჩესტერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჯოისთან ერთად დაიწყეს მუშაობა და შექმნეს კიდეც მარტივი ტესტი, რომელიც კანის ჩვეულებრივ ნაცხზე კეთდება და სამ წუთში იძლევა პასუხს, აქვს თუ არა ადამიანს პარკინსონის დაავადება.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდის კლინიკურ კვლევებს ორ წელზე მეტი არ დასჭირდება, რის შემდეგაც იგი ფართოდ გავრცელდება.
სწავლულების თქმით, ამან შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს პარკინსონის დაავადების გამოვლენასა და მკურნალობაში, რომელიც მთელ მსოფლიოში 10 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს.
აქამდე პარკინსონის დაავადების დიაგნოსტირებისთვის ქიმიური ტესტები არ არსებობდა. დიაგნოზი ყველაზე ხშირად ნევროლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ისმებოდა. ამასთან პაციენტები ექიმებს ხშირად უკვე გვიან ეტაპზე მიმართავენ, მაგალითად, როდესაც კიდურების დამახასიათებელი კანკალი ეწყებათ.
წყარო: BBC
ყველა ახალი ამბავი
0