რა გადაწყდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე

© photo: Sputnik / Russian Foreign Ministry / გადასვლა მედიაბანკშიჟოზეფ ბორელი
ჟოზეფ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
საქართველოს ეკისრება პასუხისმგებლობა რეფორმების გაგრძელების ამბიციებზე, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. პასუხისმგებლობა ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე და პოლარიზაციის დაძლევაზე ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას და მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 სექტემბერს გაემგზავრა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომაზე დასასწრებად. პრემიერის ხელმძღვანელობით დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე განხორციელებული და ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს, რადგან მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი“, - განაცხადა ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა, ევროკავშირს აქვს ნაკისრი ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთობები და საქართველოს ამბიციები გაამართლოს. თავის მხრივ, საქართველოს აკისრია პასუხისმგებლობა რეფორმების გაგრძელების ამბიციებზე.
„როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორც არის პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპები, სამართლის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების პრინციპები, ეს ყველაფერი ჩვენი ფუძემდებლური პრინციპებია. საქართველომ გადაწყვიტა, ევროპულ გზას შეუდგეს, ეს პასუხისმგებლობა იკისროს და ახლა აქტუალურია, რომ ეს დანაპირები შესრულდეს“, – განაცხადა ბორელმა.
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ეპყრობა ევროპულ პერსპექტივას და ეს ქვეყანას ახალი რეალობის წინაშე აყენებს.
„ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ, აბსოლუტურად კარგად გვესმის ეს, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან, ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, „ნამდვილად საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ 12-ვე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ“.
ღარიბაშვილის თქმით, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, 1 ივლისს შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც თითოეულ პრიორიტეტზე კონკრეტული ვადებია გაწერილი.
„დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული, ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება, თუმცაღა უნდა ვახსენო, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვგრძნობთ ერთგულებას ასოცირების შეთანხმების სრულ შესრულებაზე, რომელშიც გაწერილია ამბიციური მიზნები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს შეუერთდნენ მმართველი პარტიის მიერ დაწყებულ პროცესს.
თავის გამოსვლაში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა ცხადყოფს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0