საქართველოში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

© Pixabay / 947051ხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ხეტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლას.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. სამეგრელოში, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ დამონტაჟებული.
კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში მოქალაქეს უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 12 ერთეული სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი მორი და 2,4 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი და ძელაკი.
ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 1 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორი.
რამდენი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდება სატყეო სააგენტოში წლის ბოლომდე>>>
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ობისხევში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან კი ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული ექვსი ერთეული ნაძვის სახეობის მორი და რვა კუბური მეტრი ფიცარი.
უწყების ინფორმაციით, სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის 26 ობიექტია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის სტაბილური მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0