ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრება, ანუ ტირანი მამაკაცის 7 წინასწარი ნიშანი

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
ყურადღებიანი, გულუხვი და, ერთი შეხედვით, უბრალოდ სრულყოფილი მამაკაცის გაცნობისას ქალები ყოველთვის ვერ ამჩნევენ „საგანგაშო ზარებს“ — ანუ ნიშნებს, რომლებიც იმთავითვე მეტყველებს, რომ ეს ადამიანი თავის ნამდვილ სახეს მალე გამოავლენს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს ქალს.
მაშ როგორ ამოვიცნოთ ტირანი ზღაპრულ პრინცში, თუ რომანის საწყის ეტაპზე ეს ყველაფერი შეუმჩნევლად ხდება?
იმისათვის, რომ ბედი ნამდვილ ტირანს არ დაუკავშიროთ, საჭიროა იცოდეთ შვიდი საგანგაშო ზარი, რომლებიც ცნობილმა პრაქტიკოსმა ფსიქოლოგებმა ჩამოაყალიბეს.

ის ზედმეტად იდეალურია

გალანტური ჯენტლმენი, რომელიც მანქანის კარს გიღებთ, რესტორნებში გეპატიჟებათ, საჩუქრებითა და კომპლიმენტებით გავსებთ მიზეზით თუ უმიზეზოდ — ნადვილი ზღაპარია! მაგრამ ზღაპრული ფასადის მიღმა შესაძლოა არცთუ ისე სასიამოვნო პიროვნება იმალებოდეს. მით უმეტეს, თუ თქვენი იდეალური მამაკაცი ნელ-ნელა თავად იწყებს იმის გადაწყვეტას, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები, სად წახვიდეთ და როგორ ჩაიცვათ.
ფრთხილად! სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ წინაშე მომავალი ტირანი იდგეს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის კომპლიმენტებს. თუ მამაკაცი მარტო საკუთარ თავს კი არ მიიჩნევს სრულყოფილებად, არამედ თქვენც სიდიადის კვარცხლბეკზე გაყენებთ, აქ რაღაც ისე არ არის.
ადეკვატური ადამიანი არასდროს აიდეალებს ვინმეს, ის ქალს მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეებით იღებს. აი, მომავალ დიქტატორს კი მხოლოდ საოცნებო ქალი უნდა გვერდით — ისეთი, რომელსაც არანაირი მინუსი არ ექნება.

მისი ყველა ყოფილი მონსტრია

დააკვირდით, როგორ საუბრობს ის ყოფილ შეყვარებულებსა თუ მეუღლეზე. თუ ყველა მათგანს მერკანტილურ „სწერვად“ ახასიათებს, რომლებიც მარტო გაკიცხვას კი არა, გასილაქებასაც იმსახურებდნენ, სასწრაფოდ გაიქეცით! თქვენს წინაშე ნამდვილი მოძალადეა.
ასეთი კაცი გამუდმებით გაგიმეორებთ, რომ თქვენ მისი იდეალი ხართ და საერთოდ არ ჰგავხართ მის ყოფილებს. მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი სიფხიზლის მოდუნების მცდელობა იქნება და არა სიმართლე. როგორც კი მის ნებას ოდნავ დაჰყვებით, ტირანი მაშინვე შეიცვლის ქცევას და მერეღა გაიგებთ მისგან „სიმართლეს“ საკუთარ თავზე.
სხვათა შორის, როდესაც მამაკაცი საერთოდ არაფერს ამბობს ყოფილზე — დუმს ან რაღაც გაურკვეველს ამბობს, ესეც საგანგაშო ნიშანია. მას აშკარად არ სურს, რომ ქალმა გაიგოს, როგორ მოექცა ყოფილ შეყვარებულსა თუ მეუღლეს.

არ მოსწონს თქვენი მეგობრები

თქვენი მეგობრების მიმართ მოულოდნელად ნეგატიურად „გაღვივებული“ მამაკაცი ნამდვილად ეკუთვნის შინაური დიქტატორების კატეგორიას. თუ მამაკაცი გეტყვით, რომ თქვენი გარემოცვა არ შეგფერით, იცოდეთ — ეს საგანგაშო ზარია.
ის ასე, ნელ-ნელა, გამუდმებული ძახილით დაგაკარგვინებთ მეგობრებს, პირად სივრცეს, დროს სხვა საყვარელი ადამიანებისთვის, და მთელ თქვენს ყურადღებას საკუთარ თავზე გადართავს. ეს ტირანის სახასიათო თვისებაა.
ასე აქცევს მომავალი ტირანი ქალს იზოლაციაში, უკარგავს მისგან წასვლის სურვილსა და ნებას. და რა არის ქალი ასეთი ტიპისთვის — ეს ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის.

გადაჭარბებულად „ზრუნავს“ თქვენზე

სწორედ ეს თვისება ახასიათებს ბევრ ტირანს. ჰიპერზრუნვამ და ისეთმა ფრაზებმა, როგორებიცაა: „ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“, „მე შენ გამო ვღელავ“ — ურთიერთობის საწყის ეტაპზევე უნდა დააყურადოს ქალი.
მართალია, ეს ყველაფერი გარეგნულად ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მამაკაცი ცდილობს გააკონტროლოს ქალი, გაიგოს როდის და როგორ მივიდა ის სახლში, ვისთან ერთად იყო დღის განმავლობაში, ვის ესაუბრა და ვის რა უთხრა. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ძალიან ღელავს მის გამო, რადგან ახლა საშინელი დროა...
მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ზრუნვა შეიძლება გადაიზარდოს ისეთ ფრაზებში, როგორიცაა: „სად დაეთრევი?! ჯერ კიდევ არ ხარ სახლში?!“ „მალე მოდი, შენ გიჩვენებ სეირს!“ და ა.შ.
გახსოვდეთ: თუ პარტნიორს საწყის ეტაპზევე არ მიატოვებთ, მაშინ აუცილებლად მოგიწევთ მეტი ჩაგვრის ატანა.

ჩვეულებრივი ოტელოა

პათოლოგიური ეჭვიანობა — კიდევ ერთი საგანგაშო ზარი უნდა იყოს ქალისთვის. ასეთი მამაკაცი მაშინაც კი გამოვა მდგომარეობიდან, თუ უცხო ადამიანმა შემთხვევით შემოგხედათ. და იმის დამტკიცება, რომ ამ გამვლელს საერთოდ არ იცნობთ, ძალიან, ძალიან რთული იქნება. გაბრაზებული „ოტელო“ მოგაყენებთ შეურაცხყოფას, აბუჩად აგიგდებთ და შეიძლება დაგარტყათ კიდეც.
თუ თქვენი პარტნიორი არ აღიარებს, რომ ნამდვილად აქვს ეჭვიანობის პრობლემა და არ ცდილობს მის გამოსწორებას, სასწრაფოდ დაშორდით. საქმე მხოლოდ გაუარესდება.
გახსოვდეთ: ეჭვიანობა ტირანული კონტროლის პირდაპირი შედეგია, რომლის უკან სუსტი და დაუცველი ადამიანი იმალება. სამწუხაროდ, ასეთმა სუსტმაც კი შეიძლება ზიანი მიაყენოს ქალს — უბრალოდ იმიტომ, რომ ის უფრო ღონიერია.

აჩქარებს მოვლენებს

დღეს შეხვდით და ერთ თვეში დაქორწინება შემოგთავაზათ? დაფიქრდით, რა შეიძლება იმალებოდეს ასეთი სიჩქარის უკან. რა და, ტირანი და დესპოტი, რომელსაც სურს, რაც შეიძლება მალე დაეპატრონოს ქალს, როგორც იტყვიან, წელზე გამოიბას.
რა თქმა უნდა, სიყვარულის რომანტიკული ფარდა ჩრდილავს ამ საგანგაშო ნიშანს, მაგრამ ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ. უბრალოდ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „შევძლებ თუ არა ავიტანო მისი ცხოვრების სისწრაფე?“ თუ მოვლენების ასეთი განვითარება არაბუნებრივია თქვენთვის, გულწრფელად და გულახდილად განუცხადეთ ეს მამაკაცს. ადეკვატური ადამიანი გაგიგებთ და შენელდება, ტირანი კი ან თქვენ დაყოლიებას შეეცდება, ან უბრალოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან.

ცხოვრობს ორმაგი სტანდარტებით

ტირანი საგულდაგულოდ აწარმოებს თქვენი შეცდომების, არასწორი ქმედებების სიას, რასაც მერე წამოგაძახებთ.
აბა, რა?! ის რაც მას, ანუ იუპიტერს ეპატიება, არ გეპატიებათ თქვენ. ტირანს უფლება აქვს, არ გადაყაროს ნაგავი, მაგრამ თქვენ უნდა გადაყაროთ. ტირანს შეუძლია საზოგადოებაში შეუფერებლად ჩაცმული გამოჩნდეს, მაგრამ თუ თქვენ ახალ კაბას ძველ, თუმცა კარგად შენახულ ფეხსაცმელს შეუხამებთ, ეს დაცინვისა და ჩხუბის მიზეზი გახდება.
უფრო მეტიც, თუ მასთან დაშორებას გადაწყვეტთ, ტირანი მაშინვე ყველა საჩუქარს უკან მოგთხოვთ, ან ანგარიშს წარმოგიდგენთ. გეტყვით, შენზე ამდენი ფული დავხარჯე და შენ კიდევ უმადური ხარო. და ეს იქნება ყველაზე რბილი გამონათქვამი, რასაც ტირანთან ჩხუბის დროს მოისმენთ.
ამიტომაცაა, რომ ზოგ ქალს ურჩევნია, ყველაფერი უკან დაუბრუნოს მამაკაცს და სწრაფად გააქროს თავისი ცხოვრებიდან. ჰოდა, თუ ასეთი მამაკაცი შეგხვდათ, თქვენც ასეთ ქალებს მიბაძეთ.
წყარო: Marie Claire
ყველა ახალი ამბავი
0