რა უპირატესობა ექნება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ

© photo: Sputnikელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთი დღით ადრე შეიტანოს განაცხადი მომდევნო დღეს ენერგიის შესყიდვის თაობაზე.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმა საშუალებას იძლევა ელექტროენერგია უფრო იაფად შევიძინოთ არაპიკურ საათებში, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი, GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში".
საქართველოში 2022 წლის 1 სექტემბერს ამუშავდება ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით. ეს ენერგეტიკულ დარგში მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას იძლევა. ხოლო ელექტროენერგიაზე ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.

„საათობრივი ვაჭრობის მთავარი სიკეთე ის არის, რომ არაპიკურ საათებში ენერგია იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე პიკურ საათებში. შესაბამისად, მომხმარებლები შეძლებენ თავიანთი წარმოება, საქმიანობა დაგეგმონ ისეთნაირად, რომ უფრო იაფი ენერგიით შეძლონ პროდუქციის წარმოება", – განაცხადა ნარმანიამ.

რეგულატორის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ასე შესაძლებელია პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, რაც რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პლუსია.
ბაზარი ელექტროენერგიით ევროპულ სტილში ვაჭრობას გულისხმობს, სადაც მომხმარებელი და მიმწოდებელი გარიგებას ბირჟაზე დადებენ.
ნარმანიას თქმით, პირველი ეტაპი ბაზარზე 22 დიდი კომპანიის შესვლაა.
„თუ ადრე ეს მომხმარებლები „თელასიდან" და „ენერგო-პროდან" ყიდულობდნენ ენერგიას, შემდეგ უკვე „თელმიკოდან" და „ენერგო-პროდან", ბაზრის გახსნის შემდეგ ეს 22 კომპანია ენერგიას ბაზარზე იყიდის", – განმარტა ნარმანიამ.
სიახლის თანახმად, მომხარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
რას გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა: ეკონომიკის სამინისტროს გეგმები>>
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ყველა ახალი ამბავი
0