მილიონობით დოლარის გათეთრების ფაქტი - გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
პროკურატურაში გრძელდება გამოძიება, რათა მოხდეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენა და მხილება.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით კომუნიკაცია დაამყარეს ჰონკონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს.
აღნიშნულის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13.329.181 დოლარს.
ბრალდებულებმა აღნიშნული თანხები სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს, მათ შორის 1.906.263 დოლარი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.
თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი>>>
აღნიშნული ქმედებით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მლნ დოლარის უკანონო ლეგალიზაცია მოახდინეს. გამოძიების ფარგლებში ყადაღა დაედო ბრალდებულის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის მნიშვნელოვან ნაწილს.
ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იურიდიული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდება გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას.
საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
წყარო: საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0