გადადებული ცხოვრების სინდრომი: რატომ ჩნდება და რა საფრთხეები აქვს

© Pixabay / geraltგზა ნათელი ცხოვრებისკენ
გზა ნათელი ცხოვრებისკენ - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ მათი ნამდვილი ცხოვრება ჯერ არ დაწყებულა, ისინი მხოლოდ ემზადებიან სიხარულითა და ბედნიერებით სავსე პერიოდისთვის. მაგრამ ასეთმა ოპტიმიზმმა საკუთარი მომავლის მიმართ შეიძლება დამღუპველად იმოქმედოს ადამიანზე, წერენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, ასეთებს „გადადებული ცხოვრების სინდრომი“ აქვთ — ადამიანი თავის ცხოვრებას რაღაც მნიშვნელოვანი მომავალი მოვლენისთვის მზადებად აღიქვამს და სჯერა, რომ მხოლოდ ამ მოვლენის შემდეგ გახდება ბედნიერი და დაიწყებს ნამდვილ ცხოვრებას.
ოფიციალურად, ეს არც დაავადებაა და არც ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გადადებული ცხოვრების სინდრომმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანზე.
ეს ტერმინი 1990-იანი წლების შუა ხანებში რუსმა ფსიქოლოგმა ვლადიმირ სერკინმა შემოიღო. მაშინ ის რუსეთის ჩრდილოეთის მოსახლეობის ცხოვრების სცენარებს სწავლობდა და აღმოაჩინა, რომ ბევრი მათგანი თბილ რეგიონებში გადასვლის მოლოდინში ცხოვრობდა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ისინი რეალური სიცოცხლის დასაწყისად აღიქვამდნენ, ხოლო ცხოვრების იმჟამინდელ ეტაპს – მხოლოდ მომზადებად.
არ გამოტოვოთ: რომელი ემოცია რას გვატკივებს, ანუ „ჩიკაგოს შვიდეული“
მოგვიანებით მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ გადადებული სიცოცხლის სინდრომი შეიძლება ახასიათებდეს არა მხოლოდ შორეულ ჩრდილოეთში ან სამხრეთში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მრავალ სხვასაც. თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილის მსგავსი აზრები და დამოკიდებულებები გაწუხებთ, ე.ი. გადადებული სიცოცხლის სინდრომი თქვენც გაქვთ:
„აი, ბინას ვიყიდი და ყველაფერი დალაგდება“;
„ახლა მთავარია მეტი ფული ვიშოვო“;
„ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩემს შვილებს ღირსეული მომავალი მივცე“;
„მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, როცა დამაწინაურებენ“;
„პაემანზე ვერ წავალ, სანამ წონაში არ დავიკლებ“...

რატომ ჩნდება გადადებული სიცოცხლის სინდრომი

პროფესიული საქმიანობის გამო — რომელიც, კულტურული და სოციალური სტერეოტიპების მიხედვით, ლამის ასკეტურ ცხოვრებასა და ძალების სრულ კონცენტრაციას მოითხოვს.
რთულ ბუნებრივ პირობებში ცხოვრების გამო — მაგალითად, ექსტრემალურად ცივი ან ცხელი კლიმატის, ან ცუდი ეკოლოგიის რეგონებში ცხოვრების გამო.
არახელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო — როდესაც მოსახლეობის დიდი პროცენტი ვერ ახერხებს კომფორტული ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებას, ჩნდება რწმენა იმისა, რომ მათ მდგომარეობას რაღაც პოზიტიური მოვლენა გააუმჯობესებს;
ფსიქოლოგიური თავისებურებების გამო — შინაგანი ემოციური რესურსების ნაკლებობამ, თავდაუჯერებლობამ, განცდილმა ტრავმებმა და აღზრდის თავისებურებებმა შეიძლება საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებისა და აქტიური მოქმედებების მიმართ შიში გააჩინოს.
არ გამოტოვოთ: „დაიწყეთ ამით და ყველაფერი შეიცვლება. მე ამას გპირდებით“: ფსიქოლოგის სამი მარტივი რჩევა

როგორ გამოიხატება

გადადებული ცხოვრების სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს ქცევა, რომელიც უარყოფითად აისახება ინდივიდზე.
ქცევის პირველი ტიპი — სრული კონცენტრირება მიზნის მიღწევაზე და ყველაფერ იმის გამორიცხვა ცხოვრებიდან, რაც ხელს უშლის ამას. ამ ქცევის კლასიკური მაგალითია სპორტსმენები, რომლებიც მნიშვნელოვანი შეჯიბრებების გამო ზღუდავენ კომუნიკაციას მეგობრებთან და ახლობლებთან, იცავენ მკაცრ რეჟიმს.
ქცევის მეორე ტიპი — სხვა ადამიანების საჭიროებებზე და ცხოვრებისეულ მიზნებზე კონცენტრირება. დამახასიათებელია, მაგალითად, დედებისთვის, დიასახლისებისთვის ან გავლენიანი საზოგადო მოღვაწეებისა თუ ხელოვანი ადამიანების მეუღლეებისთვის. ისინი ხშირად ამბობენ უარს საკუთარ ინტერესებზე, რათა მათმა საყვარელმა ადამიანებმა კომფორტში იცხოვრონ და საკუთარი თავის სრული რეალიზება მოახდინონ.
ქცევის მესამე ტიპი — მოვლენის პასიურად მოლოდინის სტრატეგია, რომელიც უნდა მოხდეს მომავალში და მკვეთრად შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ. ადამიანი, რომელიც ირჩევს მას, წყვეტს აქტიურ ნაბიჯებს თავისი ამჟამინდელი პოზიციის გასაუმჯობესებლად, პროფესიული თუ პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობენ, რომ ისინი დინებას მიუყვებიან.
არ გამოტოვოთ: როგორ გეხუტებათ მამაკაცი: ამოიცანით რეალური გრძნობა თქვენ მიმართ
ამ მოდელთაგან თითოეული სახიფათოა. მუდმივმა შეზღუდვებმა შეიძლება მოულოდნელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიაღებინოს ადამიანს. ეს განსაკუთრებით ხშირად გამოიხატება იპოთეკური სესხის აღებით სასურველი ბინის შესაძენად, რომლის გადახდაც კრედიტორისთვის საბოლოოდ შეუძლებელი გამოდგება.
თუმცა, სანუკვარი მიზნის მიღწევის შემთხვევაშიც კი ხშირია იმედგაცრუება – სიხარული, რომ ეს ბოლოს და ბოლოს მოხდა, დიდხანს არ გრძელდება.

რა მოვუხერხოთ გადადებული ცხოვრების სინდრომს

ფსიქოლოგების რჩევით, საამისოდ ოთხი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ესენია:
1.
გაიაზრეთ, რა გიჯდებათ გადადებული ცხოვრების სინდრომი. შეადგინეთ ყველაფრის სია, რაზეც უარი გითქვამთ თქვენი მთავარი ცხოვრებისეული მიზნის მისაღწევად ან ბედნიერი მომავლის მოლოდინში. და ასევე იმ პრობლემების ჩამონათვალიც, რაც ასეთმა ქცევამ გამოიწვია. შემდეგ კი შეეცადეთ გულწრფელად უპასუხოთ საკუთარ თავს: მზად ხართ კვლავაც გაიღოთ ასეთი მსხვერპლი მოჩვენებითი მომავლის გულისთვის?
2.
თუ დასახული მიზანი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეადგინეთ დეტალური გეგმა, რომელიც მის მიღწევაში დაგეხმარებათ და დაიწყეთ მისი განხორციელება. ამავე დროს შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება: გახსოვდეთ, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ კმაყოფილებას იგრძნობთ, მაგრამ ეს მთელი ცხოვრება ბედნიერად ვერ გაქცევთ. ამიტომ მიზნის მისაღწევად ყველაფრის გაწირვას აზრი არ აქვს.
3.
კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო ხშირად განიცდის ადამიანი დადებით ემოციებს, მით უფრო მაღალია მისი ცხოვრებით კმაყოფილების დონე. შეადგინეთ სია, თუ რა გახარებთ და რა გსიამოვნებთ, და აქციეთ ის თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. მაგალითად, გამოიღეთ კარადიდან ლამაზი ჭურჭელი და დაიწყეთ მისი ყოველდღე გამოყენება.
4.
გაიხსენეთ, რისი გაკეთება გინდოდათ ყოველთვის, მაგრამ სამომავლოდ დებდით იმის გამო, რომ ჯერ ამის დრო არ იყო. და შეეცადეთ განახორციელოთ რაიმე ამ სიიდან. დაიწყეთ უმარტივესით. ეს დაგეხმარებათ დაძლიოთ შინაგანი წინააღმდეგობა, რომელსაც საკუთარი თავის მუდმივად შეზღუდვის ჩვევა იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0