ექიმებმა დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს

© Pixabay / SeppHახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვები და გარდაცვლილი ახალგაზრდა ორსული ერთი ოჯახის წევრები არიან.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ექიმებმა მარნეულში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ორსული ქალის ჩვილის გადარჩენა შეძლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
უბედური შემთხვევა მარნეულში გუშინ მოხდა. ნარიმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ჯერ მეხუთე, შემდეგ კი მეოთხე სართულის აივნები ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ორი ქალი და დაშავდა ორი მოზარდი.
ორი ქალიდან ერთ-ერთი შვიდი თვის ორსული, 26 წლის ქალი იყო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბოლოოდ ექიმებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს, თუმცა გადაარჩინეს მისი ნაყოფი.
„შემოიყვანეს 38 კვირის ორსული ქალი. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტი იყო გარდაცვლილი. როდესაც ჩატარდა ექოსკოპია, დაფიქსირდა ნაყოფის გულისცემა. ნაყოფის გარდარჩენის მიზნით ჩატარდა სასწრაფო საკეისრო კვეთა. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა", – განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება დაშავებულ არასრულწლოვნებს, ამ დროისათვის 8 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი გვიან ღამით მარნეულიდან თბილისში, „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შედარებით მსუბუქია 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მარნეულის „ავერსის" კლინიკაშია მოთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0