„ქართული ოცნება": ზურაბიშვილი პრეზიდენტი ივანიშვილის წყალობით გახდა

© press-service of the Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე
ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ მძიმე მოსასმენი იყო ზურაბიშვილის ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რა დროსაც მან ივანიშვილიც დაასახელა.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე 2018 წელს, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, იყარა კენჭი. გამარჯვებაში მას „ქართული ოცნება“ დაეხმარა, რომელმაც ზურაბიშვილს მხარდაჭერა ოფიციალურად გამოუცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ზურაბიშვილის კანდიდატურა შეირჩა, რამდენადაც პრეზიდენტის პოსტი სიმბოლურია და სიმბოლურად მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ დიასპორის წარმომადგენელი, ქალი და ევროპიდან ჩამოსული ადამიანი გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

„დაახლოებით 45 დღე გაგრძელდა ეს პროცესი და იმ 45 დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა... თუმცა მოვახეხეთ მაინც გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ მძიმე მოსასმენი იყო ზურაბიშვილის ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რა დროსაც მან ბიძინა ივანიშვილიც ახსენა. ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტი 10 ივნისს შეწყვიტა და განაცხადა, რომ საქართველოში დაიცავს ქვეყნის ევროპულ ღირებულებებს.
როგორც ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა, არც პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენდირექტორი ნიკა გვარამია და არც ბიძინა ივანიშვილი „არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა“.
„მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ.
„არავის არ ვიწყალებ. მორჩით სპეკულაციებს!“ - პრეზიდენტი პოსტს აქვეყნებს>>>
9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროპარლამენტი იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხის სწრაფვა იმსახურებს იმას, რომ მოხდეს მისი რეალიზება და ამიტომაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე „დამსახურებების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“.
ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სააკაშვილი და გვარამია. რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღებას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0